პოლიტიკა
ჯონ მაკკეინი: „რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ევროპაში ჩვენი სარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება“
1-mccainსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელი სენატორის, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის აზრით, აშშ-მა უნდა დააჩქაროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და დაეხმაროს რუსულ ოპოზიციას. ეს განცხადებები რესპუბლიკელმა სენატორმა რუსეთის მიერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის შემდეგ გააკეთა. "პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაფართოოთ მაგნიტსკის აქტის სია, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ ადამიანის უფლებების იმ უამრავ დამრღვევს, რომლებიც რუსეთში არსებული დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობენ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ევროპაში ჩვენი სარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება და სწრაფად გადავიდეთ ნატოს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა და იქვე დასძინა, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის უფრო რეალისტურად გააზრება.  
"დროა, ფუნდამენტურად გადავხედოთ პუტინის რუსეთთან ურთიერთობას. პუტინის რუსეთის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყველა ილუზია უნდა გაუქარწყლოს იმ ამერიკელებს, რომლებსაც რუსეთთან დაკავშირებით ბოლო წლებია მცდარი მოლოდინები აქვთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია გვჭირდება, უფრო რეალისტურად შევხედოთ რუსეთთან ურთიერთობას“, - აღნიშნა სენატორმა.