საზოგადოება
დავით საგანელიძე: „დავითაშვილი პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცადა და ეს მისთვის უცხო ხილი არ არის“

1-saganeliZe-davitსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კობა დავითაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში არსებობს ორი პრინციპი - გუნდური და პირადი პოლიტიკური პოპულიზმი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დეპუტატმა ჩათვალა, რომ მისი პირადი პოპულისტური განწყობა და მისი პირადი ინტერესები პოლიტიკაში უფრო მაღლა დგას, ვიდრე გუნდის პრინციპები და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ტელევიზიით შევიტყვე ეს ინფორმაცია... ელემენტარული პოლიტიკური მორალი და ზნეობა ამბობს, რომ ასეთი თემები ყოველთვის უნდა იყოს გუნდში გარჩეული და, შესაბამისად, მერე გაკეთდეს განცხადება, მაგრამ სწორედ ასე, მხოლოდ განცხადების დაანონსებით შეეცადა კიდევ უფრო მეტი ქულები, როგორც პოლიტიკოსს, დაეწერა და ეს მისთვის არ არის უცხო ხილი“, - აღნიშნა საგანელიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.