საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია!“

1-saaka-usufaსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისადმი“ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

დღეს ჩვენ ყველანი მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი შემართებით მივმართოთ ჩვენს ხალხს და ვუთხრათ: ჩვენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლი შვილები ვართ, ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ხალხისადმი უზომო სიყვარულით აღსავსე შვილები! ჩვენ ვიბრძოლებთ და სამშვიდობოს გავალთ იმ რწმენით, რომ ვართ ისტორიის სწორ მხარეს და რომ ამას ვაკეთებთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების საერთო მომავლისთვის. წარსული და რეგრესი, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვერ ჩაანაცვლებს მომავალს და პროგრესს! გთავაზობთ, დავგეგმოთ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა სექტემბერში, შევჯერდეთ თარიღზე და ყველა ის პრინციპული ცვლილება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ავსახოთ პარტიის ახალ წესდებასა და სტრუქტურაში. ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხის თავისუფლება ჰქვია!", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

სააკაშვილის აღნიშნულ მიმართვას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ ჩატარებული რებრენდინგი მარცხისთვისაა განწირული, რადგან ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე ნახა მსგავსი რებრენდინგის შედეგი, როდესაც „მოქალაქეთა კავშირის“ ბევრმა წევრმა იგივე ღირებულებებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა.