აქტუალური
პირველი ოქროს მედალი მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადიდან

1-medali-mtსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე 2 წონით კატეგორიაში იასპარეზეს და 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

+100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ზვიად ჩინჩალაძე გახდა, რომელიც ფინალში ყაზახ სპორტსმენს შეხვდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

იმავე დღეს ქართველმა სპორტსმენმა უშანგი კუზანაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი ფინალში შვეიცარიელ ძიუდოისტს შეხვდა და მეორე ადგილზე გავიდა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს პირველად ოლიმპიადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში გამოდის.

ქართველი სპორტსმენები იმედოვნებენ, რომ მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლს სხვა მედლებსაც შეჰმატებენ. ოლიმპიადა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში 1 აგვისტოს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება.

1-medali-1