აქტუალური
„ჯადოქარი“ მინისტრი

flourსოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მსოფლიოში ხორბლის გაძვირების ფონზე საქართველოში ფქვილზე ფასის შემცირებას ელოდება. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და უახლოეს პერიოდში ფასები დაიკლებს,“ - აცხადებს კვეზერელი. თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს, რამდენით შემცირდება ფქვილის ფასი ან რის ხარჯზე მოხდება გაიაფება, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ხორბლის დეფიციტია.

წისქვილკომბინატების ნაწილს უჭირს პროგნოზის გაკეთება, ამბობენ, რომ ყველაფერი ხორბლის ფასზეა დამოკიდებული.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ საბჭოს წევრმა, ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა საქინფორმთან საუბრისას განაცხადა: „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში დღითიდღე ძვირდება ხორბალი, წარმოდგენა არ მაქვს, რას ეფუძნება მინისტრის ეს განცხადება. საქართველო ხორბლით უკრაინიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მარაგდება. იქ კი ხორბალი არ გაიაფებულა. არის ერთი გზა - თუ სახელმწიფო შეისყიდის ხორბალს და მას ნაკლებ ფასში მიჰყიდის პურკომბინატებს, მაგრამ, არა მგონია, რომ ეს გააკეთონ. ვერ გეტყვით, რა ჩაიფიქრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა“.

შეგახსენებთ: ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი თითქმის 10 ლარით გაძვირდა, რამაც ქვეყანაში პურზე ფასის 10-15 თეთრით გაზრდა გამოიწვია.