საზოგადოება
ბაჩო ახალაია: „სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები“

1-axalaia-courtსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე"  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა, რომელსაც საქინფორმი მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები. მაშინ როდესაც სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მაყურებლებისა და ადმინისტრაციის დავალებით მოკლეს ლევან კორტავა, აღნიშნული ციხის დირექტორი იყო მალხაზ სინაურიძე. ერთადეთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არის ის, რომ იგი არის ერთადერთი მოწმე ჩემს წინააღმდეგ ე.წ. ქურდების ანუ ბუნტის საქმეში...

სამწუხაროდ, მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა, რაც მომავალში კვლავ გამოიწვევს არაერთ მძიმე შედეგს“, - აცხადებს ახალაია.

კორტავას საქმესთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურამ გააკეთა მაქსიმუმი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველა დეტალი ბოლომდეა გამოძიებული და ყველა პირია პასუხისგებაში მიცემული", - აღნიშნა თავის მხრივ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომლის თქმითაც, ახალაიამ თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ მსგავსი ინსტიტუტი ციხეებში უწინაც არსებობდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, რასაც შედეგად ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა.

პროკურატურამ გეგუთის მე-14 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ლევან კორტავას დაღუპვის საქმე გახსნილად 2 აგვისტოს გამოაცხადა. თუმცა, დაღუპული მსჯავრდებულის დედის განცხადებით, ამ საქმესთან უშუალო შეხება აქვთ გეგუთის ციხის მაყურებლებს, ხოლო მისი შვილის (ლევან კორტავას) მკვლელობაში უშუალო წვლილი ციხის უფროს მალხაზ სინაურიძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს მიუძღვით.