საზოგადოება
დიმიტრი მედვედევი: „ეს საქართველოს და თქვენთვისა და ჩვენთვის ძალზე ახლობელი ხალხების – ოსების, აფხაზების ურთიერთობის პრობლემაა, რომლის გადაჭრას სხვადასხვა ქართველი ხელისუფალი უვარგისი საშუალებებით, ან უჭკუოდ, ანდა დანაშაულებრივად ცდილობდა“

obshestvo-1-problemaსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – თქვენ თქვით, რომ 1990–იანი წლებიდან იწყება ასეთი პრობლემა რუსეთსა და საქართველოს შორის – რა ვუყოთ ბატონი პუტინის განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს რუსეთს ჰქონდა გეგმა, და ამ გეგმის ფარგლებში ამზადებდნენ მოლაშქრეებს სამხრეთ ოსეთში? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„იცით, ნინო, მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის რუსეთის და საქართველოს პრობლემა, ეს არის საქართველოს და თქვენთვისა და ჩვენთვის ძალზე ახლობელი ხალხების – ოსების, აფხაზების ურთიერთობის პრობლემა. სწორედ ეს პრობლემაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის პრობლემა. ჩვენ ეს პრობლემა არ გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, მის გადაჭრას სხვადასხვა ქართველი ხელისუფალი (ცალკე არავის ხსენება მსურს) უვარგისი საშუალებებით, ან უჭკუოდ, ანდა დანაშაულებრივად ცდილობდა. და ეს მეტად სამწუხაროა.

რაც შეეხება მომზადების გეგმებს, რა თქმა უნდა, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ვცდილობდით დავხმარებოდით ამ ორ ხალხს, რომლებიც შესაბამისი თხოვნებით მოგვმართავდნენ. მაგრამ არანაირი სამხედრო გეგმები არასოდეს გვქონია, ეს არაფერში გვჭირდება. პირიქით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ამ კონფლიქტის თავიდან აცილებას, გვესმოდა, რომ ის პოტენციურად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სიტუაციაში შეკითხვებზე მრავალჯერ პასუხის გაცემისას, მე ვამბობდი: იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ასეთი ეჭვები გვქონდა, ყველაფერი, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ანომალიაა, ეს არის ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც სამხედრო დანაშაულში გადაიზარდა. სამწუხაროდ, ბატონმა სააკაშვილმა, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდა (არ ვიცი, რა მდგომარეობაში აკეთებდა ამას), უბრალოდ, სტრატეგიული სახელმწიფოებრივი შეცდომა დაუშვა, რომლის შემდეგ თავისი ქვეყნის შეკოწიწების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ დარჩა“.