აქტუალური
დიმიტრი მედვედევი: „კონფლიქტები არასოდეს წყდება არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში, ისინი ყოველთვის ადგილზე წყდება. ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბოთ და პირდაპირი კონსულტაციები დაიწყოთ – დევნილების ბედზეც და ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც“

aqtualno-2-konfliktiსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – საქართველოსთვის დიდ პრობლემად რჩება დევნილები. ისინი თითქმის ნახევარი მილიონი არიან და ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარ სახლებში დაბრუნება არ შეუძლიათ. რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„არა, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის პრობლემა არ არის. ეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შიდა ურთიერთობის პრობლემაა. ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობის პრობლემა. ძალიან ვწუხვარ, რომ არსებობენ დევნილები... ამ პრობლემას, სამწუხაროდ, ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჩვენ ვისურვებდით, რომ ის მოგვარდეს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკება, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელია. შეუძლებელია მუდმივად მსხვილი სახელმწიფოებისადმი აპელირება – იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია – იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. ნახეთ, როგორ გვარდება სხვა, ძალიან რთული კონფლიქტები. ისინი არასოდეს წყდება არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში, ისინი ყოველთვის ადგილზე წყდება. ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბოთ და პირდაპირი კონსულტაციები დაიწყოთ – დევნილების ბედზეც და ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც, რასაც, სამწუხაროდ, ქართული მხარე ჯერჯერობით თავს არიდებს, და სხვა საკითხებზეც, მითუმეტეს, რომ მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემების მხრივ სიტუაცია მთლიანობაში გაუმჯობესდა. ჩემი აზრით, ესეც ბოლო რამდენიმე წლის მნიშვნელოვანი შედეგია“.