აქტუალური
დიმიტრი მედვედევი: „ნატოში შესვლით თქვენ თითქმის არაფერს იძენთ, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში საომარი კონფლიქტები დაუშვებელია. მაგრამ ამავე დროს ეს ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის გრძელვადიან, ხანგრძლივ წყაროს შექმნის“

aqtualno-3-natoსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – ბატონო პრემიერ–მინისტრო, მაინც რატომ აღიქვამს რუსეთი საფრთხედ (საქართველოს ნატოში წევრობას – საქინფორმი)? თქვენ ხომ გყავთ მეზობლები, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, არ მივესალმებით საქართველოს ნატოში გაწევრებას, თქვენი ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიუხედავად. მაგრამ არა იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამისი უფლება არა აქვს – ყველა ქვეყანას აქვს უფლება, განსაზღვროს ამა თუ იმ სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსთან, ინტეგრაციულ გაერთიანებასთან თავისი კუთვნილება. მაგრამ ჩვენ გამოვდივართ არა თქვენი მიდგომებიდან, არამედ ჩვენი მიდგომებიდან. ისინი შემდეგში მდგომარეობს (ეს ჩვენი ნაციონალური მიდგომაა, თქვენ თქვენი მიდგომა გაქვთ): თუ რუსეთის სიახლოვეს – და შეგახსენებთ, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა უზარმაზარი ბირთვული არსენალით, ამისი იგნორირება არ შეიძლება – იქნება  სახელმწიფო, რომელიც სხვა სამხედრო–პოლიტიკური ალიანსის წევრია, რომლის ბირთვული რაკეტები, როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ობექტებზეა დამიზნებული... დიახ, ჩვენ ვპარტნიორობთ ნატოსთან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

...და თქვენ გგონიათ, ჩვენ მოგვწონს, რომ ისინი (ბალტიის ქვეყნები – საქინფორმი) ნატოს წევრები არიან? ეს ზუსტად ასევე არ მოგვწონს. ისინი სტაბილური მეზობლები არიან. ვისურვებდი, რომ ჩვენც სტაბილური, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს, რომ ნორმალური მეზობლები ვიყოთ, მითუმეტეს, რომ ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი, ძალზე მეგობრული ურთიერთობა არსებობს...

აგიხსნით, რატომ მიმაჩნია, რომ ეს საქართველოსთვისაც ცუდია. თქვენ თითქმის არაფერს იძენთ (ნატოს წევრობით – საქინფორმი), იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში საომარი კონფლიქტები დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ეს არაფერს შეჰმატებს საქართველოს, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებად სახელმწიფოს, მაგრამ ამავე დროს  ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის გრძელვადიან, ხანგრძლივ წყაროს შექმნის“.