საზოგადოება
დიმიტრი მედვედევი: „მომახსენეს, რომ ქართული შეიარაღებული ძალების ფორმირებები, რომლებიც სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეები იყვნენ, არსებითად, რუსი მშვიდობისმყოფელების დაცხრილვაში მონაწილეობდნენ. ეს უკვე მეტისმეტია!“

obshestvo-2-zapredelსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – ეს რუსეთის პოზიციაა, რომ თავდასხმა იყო. ნუთუ რუსეთის მხრიდან არანაირი შანსი არ არსებობდა? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„შანსი ყოველთვის არის, მანამდე, სანამ ქვემეხები და სარაკეტო დანადგარები გაისვრიან. ამ მომენტამდე სავსებით ნორმალური შანსი იყო. მე ვუთხარი: ჩამოდით (ჩვენ ასტანაში შევხვდით ერთმანეთს), ვილაპარაკოთ. არანაირი პასუხი, არც ზარი, 8 აგვისტოს კი ეს მოქმედებები დაიწყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, სიტუაციის მშვიდობიანი განვითარების შანსი იყო მანამდე, სანამ ცხინვალის აღების ბრძანება გაიცემოდა“.

ნ. შუბლაძე: სამხრეთ ოსეთში მომხდარი თქვენ და ბატონმა პუტინმა თავის დროზე შეაფასეთ, როგორც ოსი ხალხის გენოციდი საქართველოს მხრიდან, რაც არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ დაადასტურა. მაგრამ მოგვიანებით თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ 2008 წელს რუსეთმა ფაქტობრივად ნატოს გაფართოება და საქართველოს ნატოში შესვლა აიცილა თავიდან. მინდა გკითხოთ, ამ ვერსიებიდან რომელია საომარი მოქმედებების დაწყების რეალური მიზეზი?

დ. მედვედევი: რეალური მიზეზი ის არის, რომელიც გითხარით – ქართული შეიარაღებული ჯარების შეჭრა ცხინვალში და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მკვლელობა. მხოლოდ ეს. ყველაფერი დანარჩენი შეიძლება იყოს შედეგი, რაღაც პროექცია, მაგრამ უშუალო მიზეზი თავდაცვა იყო. რაკი ამაზე ვსაუბრობთ, თქვენ იცით, რამ შემძრა მაშინ? სამწუხაროდ, მომახსენეს, რომ ქართული შეიარაღებული ძალების ფორმირებები, რომლებიც სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეები იყვნენ, არსებითად, რუსი მშვიდობისმყოფელების დაცხრილვაში მონაწილეობდნენ. ეს უკვე მეტისმეტია! სამწუხაროდ, ეს არა მარტო დანაშაულია, არამედ ნებისმიერი საერთაშორისო ნორმის ცინიკურად ფეხქვეშ გათელვა! სწორედ ეს იყო უშუალო და მთავარი საბაბიც“.