საზოგადოება
დიმიტრი მედვედევი: „მომავალი ხალხებზეა დამოკიდებული – ქართველებზე, მთლიანად საქართველოზე, მათზე, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს. თუ ნორმალური ცხოვრების დალაგების ერთობლივი სურვილი იქნება, რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის“

obshestvo-3-budusheeსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – რუსეთი არ აპირებს ამ აღიარების გადახედვას (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად – საქინფორმი)? თუ შეიძლება არსებობდეს რაღაც გარემოებები, რომლებშიც რუსეთი მზად იქნება ამას გადახედოს? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„ეს გადაწყვეტილება მე მივიღე და მას კონკრეტულ სიტუაციაში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნევ. მისი გადახედვისთვის ახლა, რა თქმა უნდა, არანაირი პირობები არ არსებობს. ეს უბრალოდ უუხეშესი შეცდომა იქნებოდა და ამ ხალხებს ძალიან რთული არსებობისთვის, რომ არ ვთქვათ, გარკვეულ სიტუაციებში განადგურებისთვის გაწირავდა.

... რაც შეეხება მომავალს, მე ის არ ვიცი – ის არავინ იცის. ალბათ, ზეცაში იციან. მომავალი ხალხებზეა დამოკიდებული – ქართველებზე, მთლიანად საქართველოზე, მათზე, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომლებსაც ჩვენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად ვაღიარებთ, ადამიანთა კოლექტიურ ნებაზე.

ყველაფერი შეიძლება სრულიად სხვადასხვა სცენარით განვითარდეს, მაგრამ ეს (საერთოდ, ნებისმიერი დაახლოება, ნებისმიერი დიალოგი) უნდა ემყარებოდეს ადამიანთა ნებას, და არა სამხედრო ძალას. თუ ნორმალური ცხოვრების დალაგების ერთობლივი სურვილი იქნება, რუსეთი ამას ხელს არასოდეს შეუშლის, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში მშვიდობა იყოს, ვიდრე რაღაც ინტერესების უზრუნველყოფა“.