აქტუალური
სააკაშვილი: „მთელი ეს წლები ჩვენი ურთიერთობა პუტინთან იყო: ჩემო ძვირფასო მგელო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპათიურო, ჩვენ პატარა ცხვარი ვართ, დაგვანებეთ თავი, და არ აგიშლით ნერვებს, ოღონდ ძალიან გთხოვთ, არ შეგვჭამოთ“

akt-1-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე, - ბატონო პრეზიდენტო, 5 წელი გავიდა უკვე 2008 წლის ომის შემდეგ. ამ პერიოდის გავლის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით, რუსეთთან დიპლომატიური გზის რესურსი რამდენი დარჩა იმისათვის, რომ მოგვარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა? თვლით თქვენ, რომ რუსეთი წამომსვლელია საერთოდ რაიმე სახის დათმობაზე, ან რატომ უნდა აინტერესებდეს მას დათმობებზე წამოსვლა? - სააკაშვილმა უპასუხა:

- გუშინ თქვენ იხილეთ ინტერვიუ რუსეთის მაშინდელ ფორმალურ პრეზიდენტთან და ახლა არანაკლებ ფორმალურ პრემიერ-მინისტრთან მედვედევთან და ამ კაცმა ღიად გვითხრა, რა არის რუსეთის დოქტრინა, თუ გინდა, რომ რუსეთი რამეზე წამოვიდეს. მან თქვა, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ქართლის შუაგული, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი აღარ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, მეორე, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარასოდეს აღარ შევა ნატოში და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში და მესამე, თუკი ევრაზიულ კავშირში შევალთ, შეიძლება რუსეთმა უკეთესი თვალით შემოგვხედოს. ყველა ერი თვითონ ირჩევს საკუთარ ბედს საბოლოო ჯამში. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ქართველი ერი, როგორც მრავალჯერ თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არის კონკრეტული არჩევანის წინაშე. თუ ქართველ ერს სურს, რომ უარი თქვას თავისი ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, თუ ქართველ ერს სურს, რომ უარი თქვას მომავალი განვითარების იმედზე, იმიტომ რომ ევროატლანტიკური სივრცე ამას ნიშნავს, ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროატლანტიკური უსაფრთხოება – თუ საქართველო მზად არის, რომ უარი თქვას თავის შიდა არჩევანზეც, იმიტომ რომ ევრაზიის კავშირი იმას ნიშნავს, რომ ისინი გიწესებენ უკვე თამაშის წესებს, მაშინ, რა თქმა უნდა, გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან არის. მე ერთი რამ მინდა ყველას გვესმოდეს -  რომ აი, კრავმა შეიძლება მოილაპარაკოს მგელთან. მთელი ეს წლები ჩვენი ლაპარაკი მათთან რა იყო, რომ აი შენ ზევითა ხარ, მე - ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო. ჩვენი ურთიერთობა პუტინთან იყო სულ ასე, რომ ჩემო ძვირფასო მგელო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპათიურო, ჩვენ პატარა ცხვარი ვართ, დაგვანებეთ თავი, და ჩვენ ჩვენთვის ვიქნებით, არც აგიშლით ნერვებს, ჩვენი პატარა არეალი გვექნება. საერთოდ, თქვენს მგლურ ბუნებას და ინტერესებს როგორ შევეწინააღმდეგებით, ოღონდ ძალიან გთხოვთ, არ შეგვჭამოთ! და ყოველ ჯერზე, როცა მოგვიბრუნდებოდა და გვეუბნებოდა, თქვენ რაღაცას აშავებთ, ჩვენ ვეუბნებოდით: თქვენ ზევითა ხართ, ჩვენ - ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო. არ გაჭრა! მე მივიღე ეს გამოცდილება, რომ არ ჭრის. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი - ეს არის სწორი ტერმინოლოგია. ამიტომ არც უნდა შეხვიდე ამ დისკუსიაში, თუ ჩვენ, როგორც ერს, გვინდა გავაგრძელოთ სიცრუეში ცხოვრება, რაც დავიწყეთ ამ მცირე ხნის წინ... თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქართული ოცნება იყოს ის, რომ მგელი უცებ დაგვიტკბება, მაძღარი გადმოგვხედავს კეთილი თვალით და გვეტყვის, უი რა საყვარელი ცხვარია და მოდი, ამასაც ვაძოვოთ...

- თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ოცნება?

- რა თქმა უნდა, გინდა ოცნება უწოდეთ და გინდა - თავის მოტყუება. ჩემი, როგორც ლიდერის ფუნქციები და ყველა წესიერი ადამიანის, ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, არის, რომ თავის ერს, თავის ხალხს იმდენი პატივი მაინც სცეს, რომ უთხრას სიმართლე და თვითონაც არ იცრუოს, არ იფიქროს ტყუილების კატეგორიით და არც სხვა ამყოფოს ამ სიცრუეში და ტყუილში.