აქტუალური
სააკაშვილი: „შევარდნაძეს ერთმანეთზე უარეს, კატასტროფულ ხელშეკრულებებზე მოაწერინეს ხელი სწორედ ამ „სოუსით“, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის“

akt-2-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ჟურნალისტის კითხვაზე, - ბატონო პრეზიდენტო, გუშინ მედვედევი ინტერვიუში ამბობდა, რომ კრავი არც უნდა ელაპარაკოს მგელს. თქვენი მთავარი შეცდომა, ამბობდა მედვედევი, არის ის, რომ თქვენ არ ელაპარაკებით პირდაპირ აფხაზებს და ოსებს, რატომ მელაპარაკებით მე, რუსეთს, ეს თქვენი პრობლემაა, თქვენი მოსაგვარებელია. თქვენ თვლით, რომ შესაძლებელია უფრო აქტიური მოლაპარაკებებით აფხაზებთან და ოსებთან რაიმე რეალური შედეგის მიღწევა? - სააკაშვილმა უპასუხა:

- მოდი, ვთქვათ, რომ ასეთი სუბიექტი „ოსები“, „სამხრეთ ოსეთი“ პრაქტიკულად რუსეთმა გააქრო რუკიდან. მე ამის შესახებ ომის დროსაც ვლაპარაკობდი, ცხინვალის ოსური მოსახლეობა აღარ დარჩა და დარჩა უბრალოდ რუსი სამხედროები, ჩვეულებრივი საოკუპაციო ჯარი. რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი არიან აფხაზები. ჩვენ ამ აფხაზებთანაც და ოსებთანაც ჩვეულებრივი გახსნილი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ამ ხალხს ჰქონდეს საშუალება იურთიერთოს დანარჩენ საქართველოსთან. და ეს ზღაპრები: რუსეთი არაფერ შუაშია და მოდი გავწიოთ და პირდაპირ ვიმოქმედოთ... რამდენი წელი უნდა გვატარონ ერთი და იგივე წრეზე? ამას „აჭმევდნენ“ მუდმივად შევარდნაძეს, შევარდნაძეს ხომ ვითომ ჰქონდა ეს დიდი დიპოლომატიური გამოცდილება, ერთმანეთზე უარეს, კატასტროფულ ხელშეკრულებებზე მოაწერინეს ხელი სწორედ ამ „სოუსით“, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის. აგერ ცეცხლის შეწყვეტის  ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება - მანამდე დაგომისის ხელშეკრულება, პრაქტიკულად ამით დავაკანონეთ ჩვენ 2008 წლის ომი. თუ არა დაგომისის ხელშეკრულება, ერთი რუსი არ იქნებოდა ცხინვალში და საერთოდ, ცხინვალის პრობლემა აღარ იარსებებდა, ვარდების რევოლუციაც არ დასჭირდებოდა ამას, აღარ დაგვხვდებოდა ეს პრობლემა. დაგომისის ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება - ეცემა გაგრა, სოჭის ხელშეკრულება - ეცემა სოხუმი, შემდეგ 1994 წლის ჟენევის ხელშეკრულება – და, პრაქტიკულად, ვაკანონებთ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამეგრელოს ნაწილის ოკუპაციას.

ჩვენ ვართ ერი და ერს აქვს გონიერება, სიბრძნე. თუ მის ლიდერებს არ ეყოთ სიბრძნე და გონიერება, ჩვენ იმიტომ ვართ ერი, რომ თუნდაც ამ ლიდერების შეცდომებზე ვისწავლოთ. ჩვენმა მთავრობამ ეს ისწავლა, ჩვენ კავკასიის ხალხებთან - ქედს იქით და ქედს აქეთ, დავიწყეთ ურთიერთობა. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც 2008 წელი დაჩქარდა. სხვანაირად რუსეთი გააგრძელებდა ძველებურად, რომ მე რა შუაში ვარო...