საზოგადოება
სააკაშვილი: „ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც არათუ მთლიანად ვერ დაიპყრო რუსეთმა ამხელა ინტერვენციის შედეგად, არამედ რომელმაც არ მოაწერა ხელი არც ერთ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას!“

sazogadoeba-7-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის შეკითხვაზე, - ბატონო მიხეილ, თუ ამდენი ავტორიტეტული ფიგურა და მათ შორის თავად რუსეთის ხელმძღვანელები პირდაპირ გეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ემუქრებოდა ომი, რატომ აღმოვჩნდით ჩვენ ასე მოუმზადებლები? - სააკაშვილმა უპასუხა:

მოუმზადებლები რატომ აღმოვჩნდით? ისტერიულად ვემზადებოდით, რაც შეგვეძლო. დრო არ იყო საკმარისი. ახლა მედვედევი რომ იძახის, რომ 50-ჯერ გავზარდეთ თუ ასჯერ ბიუჯეტი, საიდან იყო? 2003-ში რამდენი იყო? ნული! ეს იგივე მგლის ლოგიკაა, რაც არ უნდა ქნას ცხვარმა, ყველაფერი არის პროვოკაცია. ჩვენ გვქონდა ყველაზე პატარა ბიუჯეტი სამხრეთ კავკასიაში. დსთ-ში ჩვენზე პატარა ალბათ მოლდოვას ჰქონდა. მაგ დროისთვის ვიწყებდით უკვე სერიოზული იარაღის შესყიდვას. ესეც ნათელი დასტურია იმისა, რომ შარზე იყვნენ.

საქართველო ამ ომს ვერ აიცილებდა... რამდენი შემოვიდა რუსი? 50.000 შემოვიდა ეგრევე, 60.000 იყო უკან, 200 თვითმფრინავი და ჯავშანტექნიკა იყო მეტი, ვიდრე შევიდა ავღანეთში 79 წელს. ავღანეთი ორ დღეში აიღეს მთლიანად, ჩეხოსლოვაკია აიღეს ორ დღეში, უნგრეთი აიღეს 2 თუ სამ დღეში, - ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც არათუ მთლიანად ვერ დაიპყრო რუსეთმა ამხელა ინტერვენციის შედეგად, რომელმაც არ მოაწერა ხელი, როგორც ფინეთმა, არც ერთ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას. ეს არის იმხელა სტრატეგიული მარცხი რუსეთისთვის, ეს არ არის ჩვენი გამარჯვება, როდის ვთქვი, რომ ეს არის გამარჯვება, სანამ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთი მტკაველი არის ოკუპირებული? რუსეთი იძულებული გახდა, ჩაეყენებინა თავისი თავი სრულიად წამგებიან მდგომარეობაში და ახლა სეპარატისტულ რეჟიმთან კი აღარ გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამას ყველა აღიარებს, მე მგონი, საქართველოს მთავრობის გარდა, მაგრამ ამას აკეთებს ამერიკა, ევროპა და ბევრი რუსი”.