საზოგადოება
სააკაშვილი: „მე ვიყავი პირველი ლიდერი დსთ-ში, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რომელმაც თავი არ დავუხარე რუსეთს. შევარდნაძე რომ უხრიდა თავს, კარგი ჩიტი დაიჭირა?!“

sazogadoeba-8-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის შეკითხვაზე, - ბატონო მიხეილ, 2008 წელს ხომ არ გქონდათ მცდელობა, რომ ბოლოს და ბოლოს გამოსულიყავით კრავის როლიდან? - სააკაშვილმა უპასუხა:

„კრავის როლიდან რომ გამოხვიდე, ამისათვის უნდა გქონდეს მგელზე დიდი კბილები, მგელზე დიდი თავხედობა და ბოროტება. არა მგონია, რომ საქართველოს ინსტინქტში იყოს ეს.

კი, მე ვიყავი პირველი ლიდერი დსთ-ში, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რომელმაც თავი არ დავუხარე რუსეთს. შევარდნაძე რომ უხრიდა თავს, კარგი ჩიტი დაიჭირა? ყველაფერზე მოაწერინეს ხელი, არაფერი არ მისცეს, რამდენჯერმე მიიყვანეს დევნილები ენგურის ხიდთან, ორი კვირა აღადავებდნენ, ამაიმუნებდნენ მართლა და მაშინ კიდევ საღ ჭკუაზე იყო, მაგრამ ყლაპა ეს.

მე ვიყავი პირველი ლიდერი, რომელმაც არ მოუხარა თავი. როცა თქვა, რომ შენი უშიშროების მინისტრი ჩემი უნდა იყოს - ვალერი ხაბურძანია, მეორე დღესვე მოვხსენი იქიდან.

იცით, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში? იამადაევმა, ჩეჩნებმა თქვეს უარი ომში მონაწილეობაზე. ორივე იამადაევი მოკლეს ამის შემდეგ.

რა თქმა უნდა, სახალხო დიპლომატია პრობლემა არ არის, მაგრამ იმ ადამიანს რა ენაც აქვს, რა სიტყვებიც არ უნდა გითხრას, ეს არის მონღოლური სკოლა დიპლომატიის. უნდა გესმოდეს, რომ მტერი არის მტერი, შენი მოძულე არის, შენი განადგურების მოსურნე და სტილი რაც ჰქონდა აღა მაჰმად ხანს, მონღოლებს, მურვან ყრუს და რუსებს, ყოველთვის ერთი იყო: შეიძლება ტკბილად გელაპარაკოს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქვს მხოლოდ თავისი ინტერესები. ამიტომ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ.”