საზოგადოება
სააკაშვილი: „ამერიკის პირველი შემოთავაზება ჩემთან ის კი არ იყო, რომ ფლოტს გამოვაგზავნით ან თვითმფრინავებს, პირველი შეთავაზება იყო, რომ ჩვენ მოვახდენთ შენს ევაკუაციას თბილისიდან სამხედრო ძალებით. შენ ამოირჩევ მთავრობის იმ წევრებს, რომელთა გაყვანაც გინდა...

sazogadoeba-9-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე, - ბატონო მიხეილ, უშუალოდ ომამდე და ომის პერიოდშიც არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ ახლა შეცდომად თვლით, თქვენი ან ქართული ხელისუფლებსი სხვა წევრების მხრიდან? - სააკაშვილმა უპასუხა:

“მე ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ, რომ არასოდეს არ აღმოვჩნდე ასეთ სიტუაციაში, როცა მომიწევს ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა საომრად, მით უმეტეს უიმედო ომში, მით უმეტეს - ამხელა მოწინააღმდეგესთან. და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის იქნება ჩემი სინანულიც და დიდი ტრაგედიაც, ყოველთვის თვალწინ მექნება ამ ბიჭების სახეები. გიორგი ანწუხელიძეს, რომელიც არის ნამდვილი სიმბოლო მოუდრეკელი საქართველოსი, ეუბნებოდნენ, რომ თქვი - შენი პრეზიდენტი არის ასეთი და ისეთი, - ეთქვა, ნეტავი ეთქვა, მარტო ის უთხრა, რომ მე ვარ გიორგი ანწუხელიძე, მეტი არაფერი უთქვამს და ცემაში ამოხადეს სული ისე, რომ თავი ვერ დაახრევინეს. და ამ ბრიყვებმა მერე ეს ვიდეოზე დადეს...

რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, არც ერთი სხვა არჩევანი ჩვენ არ გვქონდა. 2008-ში, მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა, შავი ზღვის ფლოტი იყო დაძრული საქართველოს მიმართულებით, ჩვენი საიტები იყო დაბლოკილი და პირველი რეპეტიცია ამის გააკეთეს ივლისში.  ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო ომების ისტორიაში, როცა კიბერშეტევა გამოიყენეს მოწინააღმდეგის საიტებზე. ეს წინასწარ ხდებოდა ყველაფერი.  ჩემს საიტზე იცით რა იყო? „ასავალ-დასავალში“ რომ ბეჭდავენ, ჩემი და ჰიტლერის სურათი, მე - ჰიტლერის ულვაშში. „ასავალ-დასავალის“ პროპაგანდა ზუსტად იგივეა, რაც რუსული და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კავშირებიც არსებობს, ისევე როგორც თავის დროზე, მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ებრძოდა „მგზავრი“, „კვალი“, ზუსტად ასევე „ასავალ-დასავალი“, „ალია“ ებრძვის ყველაფერ იმას, რაც ქართულ სახელმწიფოს ამაგრებს. არა მგონია, რომ ეს არ იყოს სადღაც კოორდინირებული. მე არ ვარ კონსპირაციების მომხრე, მაგრამ რაღაც დონეზე, ალბათ, რაღაც კოორდინაცია აქ ხდება. და ზუსტად ეს „ასავალ-დასავალის“ სურათები იყო ჩემს საიტებზე.

ერთადერთი, რაც მაშინ შეგვძელო გაგვეკეთებინა, გაგვეხსნა დერეფანი და ხალხი გამოგვეყვანა, იმიტომ, რომ მეც ვეღარ შევდიოდი, თამარაშენი, კეხვი - ყველაფერი უკვე ჩაკეტილი იყო.

9-ში, როდესაც მეორე ბრიგადის პირველმა სადაზვერვო ასეულმა ხრულიოვი დაჭრა მძიმედ, - რუსეთის ტელევიზიამ გაუშვა ეს კადრები და შემდეგ გააქრეს იუთუბიდანაც კი, როცა ხრულიოვი მძიმედ დაჭრილი მოსთქვამს, რომ მთელი ბატალიონი გამინადგურდაო - 30 ოფიცერი, კიდევ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა ჩვენი შეტევის შედეგად და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი - ხრულიოვი გაიქცა, მაგრამ პუტინი სასწრაფოდ ჩამოფრინდა და ის ოსი ადგილობრივი დაქირავებულები, რომლებიც ჰყავდა, გაიწვიეს იქიდან და შემოიყვანეს ფსკოვის დივიზია. ის დივიზია ზუსტად, რომელიც თავის დროზე შევიდა და ბუდაპეშტი აიღო 56 წელს ანდროპოვის მეთაურობით. და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ამან მოგვაგებინა დრო ჩვენი მოსახლეობისათვის. იქ რომ მხოლოდ ოსები დარჩენილიყვნენ, ჩრდილო ოსეთიდან შემოყვანილი აბსოლუტური მანქურთები, საერთოდ, ყველა ადგილობრივს ყელს გამოჭრიდნენ. ხრულიოვის დაჭრამ და ამ დისპოზიციის შეცვლამ მოგვაგებინა დრო ხალხის გამოსაყვანად და იამადაევის დახმარებამაც, იმიტომ, რომ იამადაევმა უშუალო დავალება პირდაპირი ტერორის ძალიან მცირედ შეასრულა.

ხალხის დიდი რაოდენობა გადარჩა, დრო მოვიგეთ დიპლომატიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ დიპლომატიამ და ამერიკის მეექვსე ფლოტმა გააჩერა რუსები! აბა, თქვენ მართლა გჯერათ, რომ მედვედევს არ უნდოდა თბილისის აღება? ეს უთხრეს კონდოლიზა რაისს, რომ მათი სრული მიზანია საქართველოს სრული განადგურება და ეს ამერიკელებმა დაიჯერეს. ამერიკის პირველი შემოთავაზება ჩემთან ის კი არ იყო, რომ ფლოტს გამოვაგზავნით ან თვითმფრინავებს, პირველი შეთავაზება იყო, როცა ბუში დაბრუნდა პეკინიდან, რომ ჩვენ მოვახდენთ შენს ევაკუაციას თბილისიდან სამხედრო ძალებით. შენ ამოირჩევ მთავრობის იმ წევრებს, რომლის გაყვანაც გინდა...”