პუბლიკაციები
საკადრო ცვლილებები თავდაცვის სისტემაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

analit-GEO-mtavarსაქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 12 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ 690 თანამშრომელი გაათავისუფლა და 1116 ახალი თანამშრომელი დანიშნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს სტატისტიკა „სამინისტროს მხოლოდ იმ თანამშრომლებს ეხება, რომლებიც სამოქალაქო პირები არიან“.

პირველ რიგში, მივესალმებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაინტერესებას თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად, საქართველოს საჯარო სექტორში საკადრო პოლიტიკით. თავდაცვის სამინისტროსთვის ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფა, მისი გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაზრდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც „მინისტრის ხედვა 2013-2014“-შიც არის ხაზგასმული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 1 მარტამდე დანიშნული თანამშრომლების დიდი ნაწილი კონკურსის გარეშე დაინიშნა, თუმცა ამავე ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ისინი დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან. მარტიდან, კონკურსის ორგანიზების სისტემის დახვეწის შემდეგ, სამინისტრომ ღია კონკურსების გამოცხადება დაიწყო. კონკურსები გამოცხადდა ისეთ მაღალ თანამდებობებზე, როგორიცაა დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, სამმართველოების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, მთავარი სპეციალისტები და ა.შ. კონკურსები ეტაპობრივად ცხადდება. მეორე ღია კონკურსი ახლაც მიმდინარეობს. ღია კონკურსის გამოცხადება სექტემბერშიც იგეგმება. დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ღია კონკურსების შესახებ სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. კონკურსები, როგორც წესი, სამ ეტაპიანია: განაცხადების შეფასება, ტესტირება და გასაუბრება. გასაუბრება სწორედ იმ პრინციპების დაცვით ტარდება, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის რეკომენდაციების თავშია მოცემული.

ღია კონკურსები ტარდება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებშიც - ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

ვინაიდან 1 მარტამდე კონკურსის გარეშე დანიშნული თანამშრომლები დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, 2014 წლის 1 იანვრამდე ღია კონკურსები მათ თანამდებობებზეც გამოცხადდება.

აქვე გვინდა, რამდენიმე შესწორება შევიტანოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისიდან 37 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა. მათგან 35-მა განცხადება დაწერა, ხოლო 2 დისციპლინარული დარღვევის გამო იქნა დათხოვნილი. ამ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში 54 პირი დაინიშნა, მათგან 21 - ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ხოლო 33 - დაბალ პოზიციებზე.

შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა 129 სამოქალაქო პირი და დაინიშნა 365. გათავისუფლებული თანამშრომლებიდან 117 პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, 2 - დისციპლინარული დარღვევის გამო, 2 გარდაიცვალა, 8-ს კი კადრებით განკარგულების ვადა ამოეწურა.

რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კადეტთა ლიცეუმს არავინ გაუთავისუფლებია და არავინ დაუნიშნავს. გორის სამხედრო ჰოსპიტალმა 21 სამოქალაქო პირი გაათავისუფლა (19 - პირადი განცხადების საფუძველზე, 2 - დისციპლინარული დარღვევის გამო) და 1 დანიშნა. ეროვნული თავდაცვის აკადემიამ 23 პირი გაათავისუფლა (11 - პირადი განცხადების საფუძველზე,  1 - დისციპლინარული დარღვევის გამო და 11-ს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა) და 45  დანიშნა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრმა „დელტამ“  142 პირი გაათავისუფლა (29 - პირადი განცხადების საფუძველზე, 2 - დისციპლინარული დარღვევის გამო, 108-ს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, 2-მა სამუშაო შეიცვალა, 1 გარდაიცვალა) და 43 დანიშნა.

ჯამში თავდაცვის სისტემიდან გათავისუფლდა 352 სამოქალაქო პირი და დაინიშნა 508. სულ ამ სისტემაში შტატით 4 542 სამოქალაქო პირია.

შესაძლოა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, სამოქალაქო პირების გარდა, სამხედრო მოსამსახურეებიც არიან შეყვანილები. 2013 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდში ასამდე სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა და რამდენიმე ასეული დაინიშნა. გათავისუფლებულთა დიდ უმრავლესობას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. დანიშნულთა (აღდგენილთა) შორის კი, ძირითადად, ის სამხედროები არიან, რომლებიც წინა წლებში შეიარაღებული ძალებიდან უსამართლოდ დაითხოვეს და რომლებმაც სამინისტროს აღდგენის თხოვნით მიმართეს. აღდგენების საკითხს გაერთიანებულ შტაბში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავდა.

analitika-GEO-qvemot