საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „თუ საზოგადოება მაჩვენებს, რომ ჩემი რესურსები უკვე ამოვწურე, სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ და რასაც მომინდება, იმას გავაკეთებ“

1-biz-6საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გეგმავს პრემიერი იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს და საქართველოს პრეზიდენტად სხვა რომელიმე კანდიდატი იქნება არჩეული, ივანიშვილმა უპასუხა:

„ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ყველა გზა გახსნილი მექნება. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად გადავდგები პრემიერობიდან და, რა თქმა უნდა, ის ვალდებულებები, რასაც მე ვიღებ, რომ აქტიური ვიქნები 20 წელი თუ როგორც შევძლებ, და დავეხმარები საზოგადოებას ანალიზსა და შერჩევაში, ალბათ, ამაზეც უარის თქმა მომიწევს, მე ასე ვხედავ, რამეთუ, რა გამოვა, პრინციპში, რომ... მაშინ ჩემი წერილი ყირაზე დგება, რაც მე გამოვაქვეყნე... რაზეც მე მაქვს პრეტენზია, რომ კარგი ანალიზი ვიცი და სწორ პროგნოზებს ვაკეთებ, აღმოჩნდება, რომ თურმე ეს დრო დასრულებულია. ისიც მეგონა და წერილშიც დავწერე, რომ მე მაქვს ზედმეტი ნდობა საზოგადოებისგან და აღმოჩნდება, რომ თურმე ესეც არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში მე ჩავთვლი, რომ ჩემი ვალდებულებები შესრულებულია და ყველა გზა გახსნილი მექნება - სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ და რასაც მომინდება, იმას გავაკეთებ. მე პოლიტიკაში მოვედი სამშობლოს სიყვარულით, ვალდებულების გრძნობით და გავაკეთე კიდეც. და თუ საზოგადოება მაჩვენებს, რომ ჩემი რესურსები უკვე ამოვწურე, მე ამ ვალდებულების გრძნობასაც მოვიხსნი. ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შემისრულებია, შესაბამისად, მე ვიქნები თავისუფალი... მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისე იქნება, როგორც მე ვხედავ, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, არავინ იფიქროს, რომ მე თავს მოვახვევ საკუთარ პიროვნებას საზოგადოებას“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.