საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან ურთიერთობები დავალაგოთ“

1-biz-7საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - რუსეთში ძალიან ბევრი წარმატებული ბიზნესმენი მოღვაწეობს, ალექსანდრე ჯაფარიძე, მიხეილ ხუბუტია, ალექსანდრე ებრალიძე და სხვები. აქვე მინდა გავიხსენო ბიზნესმენი  და საზოგადო მოღვაწე გოჩა ძასოხოვი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა და საქართველოს ტერიტორია დატოვა. თქვენი აზრით, რა მისია შეიძლება შეასრულონ მათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგებაში? - ივანიშვილმა უპასუხა:

„რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ბევრმა ბიზნესმენმა გამოიჩინა ინიციატივა, მე მქონდა შეხვედრები, რისთვის მათ მადლობა გადავუხადე და დღეს შემიძლია ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მე ძალიან ვუფრთხილდები რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.

მე ძალიან ვფრთხილობ, რომ არაფერი შეგვეშალოს, ძალიან ვფრთხილობ გამონათქვამებში, ქმედებებში. თემა არის ძალიან ფაქიზი. მე ყველა ბიზნესმენს უარი ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე მათ არ აქვთ რეალური პოტენციალი, რამეთუ ეს ცოტა ზემოდან უნდა დათბეს და დალაგდეს. ბიზნესმენმა, რომელიც ზედმეტად იაქტიურებს, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგიც მიიღოს. რამდენიმე მხრიდან მართული სიტუაცია შეიძლება პოლიტიკურად გაუგებარი აღმოჩნდეს კრემლისთვის და მე ძალიან ვფრთხილობ.

წინა ხელისუფლების განცხადებებმა და ქმედებებმა ძალიან დააზიანა რუსეთთან ურთიერთობა და ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ რუსეთთან ურთიერთობაში. ჩიხში შეიყვანეს ბოლომდე. გასაგებია, რომ რუსეთმა თავის მხრივ ძალიან დიდი აგრესია ჩაიდინა. საქართველოს კი არ ვადანაშაულებ, პრეზიდენტსაც ვუთხარი გემზე, 40-წუთიანი „რეჩი“ რომ დაარტყა, საქართველოს არ ვადანაშაულებ, შენ გადანაშაულებ-მეთქი, შენ იყავი არაკონსტრუქციული და შენ ჩაიდინე უამრავი შეცდომა. ჩვენ რუსეთს კი არ მოვთხოვოთ, ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პირველ რიგში, რომ სწორად მოვიქცეთ, ჩვენი ხელისუფლება უნდა მოიქცეს გააზრებულად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.