უცხოეთი
ობამამ სირიაში სამიზნეების სიის გაზრდა და სამხედრო-საჰაერო ძალების ჩართვა მოითხოვა
obamaსაქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პენტაგონისგან სირიაში სამიზნეების რაოდენობის გაზრდა და, ასევე, ამ ოპერაციაში სამხედრო-საჰაერო ძალების ჩართვის შესაძლებლობის შესწავლა მოითხოვა, – ამის შესახებ გაზეთი New York Times იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, ლაპარაკია სირიაში არსებული დაახლოებით 50 სამხედრო ობიექტის სიის გაზრდაზე, რომლებიც საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებმა შეადგინეს. ამასთან, გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, იგეგმება ქიმიური იარაღის შენახვის სავარაუდო ადგილებზე იერიშის მიტანის თავიდან აცილება, რადგან აღნიშნული საწყობების განადგურება გარკვეული საფრთხეების შემცველია.
გაზეთი ავრცელებს აშშ–ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის ხელმძღვანელის, მარტინ დემპსის კომენტარსაც, რომლის თქმით, იერიშების მიზანია ბაშარ ასადის ანტისარაკეტო სისტემებისა და სხვა თავდაცვის ბაზების განადგურება. შტაბში ასევე განმარტავენ, რომ საჰაერო იერიშებს აშშ და საფრანგეთი ერთად განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რუსეთში, სანკტ–პეტერბურგში დიდი ოცეულის (G20)–ს სამიტი მიმდინარეობს და აშშ–ის პრეზიდენტმა განცხადება სწორედ სამიტიდან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ცნობისთვის, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, თურქეთმა, სირიაში ინტერვენციის სურვილი გამოთქვა. 21 აგვისტოს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის რეჟიმმა დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომლის შედეგად 600 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე აღნიშნული ფაქტის შესასწავლად გაეროს ინსპექტორები იმყოფებოდნენ. დასკვნის გაცნობის შემდეგ აშშ და დანარჩენი ქვეყნები ინტერვენციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.