აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი : „რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ჩვენ ვსაჭიროებთ მასთან ნორმალურ ურთიერთობებს“
Ivanishvili-akt-3საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთს აქვს თავისი ხელწერა, თავისი ქმედება და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა. "ურთიერთობაში აბსოლუტურად პოზიტიური დინამიკაა. მე აღვნიშნე, რომ პოზიტიური ნაბიჯები ორივე მხრიდან გადაიდგა, ამასთან აბსოლუტურად შეუსაბამობაში მოდის მავთულხლართების გადმოწევა, რასაც ცალმხრივად აკეთებს რუსეთი და ამით გაუგებრობებს იწვევს. ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი აღზრდის პრეტენზია მე არ მაქვს. რუსეთს აქვს თავისი ხელწერა, თავისი ქმედება აქვს და, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს ხშირად არ არის ისეთი, როგორის სურვილიც შეიძლება გვქონდეს ჩვენც და ევროპასაც. მაგრამ ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. უნდა ვიყოთ პრინციპულები, კონსტრუქციულები და დიპლომატიურები", - აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ არსებული ვითარება სწორედ იმის შედეგია, რომ წინა ხელისუფლების მიერ რუსეთისა და რეალობისთვის ანგარიშის გაწევა არ მოხდა.
„ეს ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ჩვენ ვსაჭიროებთ მათთან ნორმალურ ურთიერთობებს. რუსეთიც საჭიროებს საქართველოსთან ჯანსაღ ურთიერთობებს და, ჩემი გადმოსახედიდან, ისინიც აცნობიერებენ ამას. მაგრამ ამას არ უნდა ისტერიკული ყვირილი, გინება და იარაღის ჟღარუნი, რაც ხდებოდა ადრე. ამას უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ პრინციპული პოზიცია, დიპლომატია და მაქსიმალური მოთმინება. შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ბოლომდე ურთიერთობები, დავიბრუნოთ ტერიტორიებიც და გადავიყვანოთ მეგობრობაში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.