პოლიტიკა
სააკაშვილი: „თვითონ რომ ჩასკუპდა ივანიშვილი ახლა ამ თვითმფრინავში და დაფრინავს ყველა ოფიციალურ ვიზიტზე, ეს როგორ აიხსნება?“

super-pumaსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ქვეყნის კუთვნილი ფრანგული წარმოების ვერტმფრენების გასხვისების თემას გუშინ კიდევ ერთელ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისი უწყება Super Puma-ს ვერტმფრენების გაყიდვას გეგმავს, თუმცა მყიდველი ქართულ მხარეს ჯერ არ ჰყავს.

„ჩვენ გვინდოდა, რომ ისინ გაგვეყიდა და ამ ფულით გვეყიდა რაოდენობით უფრო მეტი ვერტმფრენები, რათა გადაგვეცა ჯანდაცვის სექტორისთვის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროსთვის. ვერ მოვახერხეთ ამ ფასად გაყიდვა და ახლა არ გაყიდოთო, დაგვძახიან. ვერ ვყიდით, ბატონო, და თუ გავყიდით, ვიყიდით უკეთეს ვერტმფრენებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით კი, საფრენი აპარატები ქვეყანას სჭირდება და მათი გასხვისება დაუშვებელია.

„როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი დაემუქრნენ საფრანგეთს სანქციებით, რომ თუ საქართველოს მისცემდნენ ისინი ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკომიტეტს აღარ შემოუშვებდნენ რუსეთში. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ მივეცით სამოქალაქო სახე. ახლა რომ აჩვენებენ, აი თავისთვის უნდოდა, სასეირნოდ უნდოდა, საკატაოდ უნდოდა სააკაშვილს. ცრუობს მთავრობა. საქართველოს ახლა ჰაერივით სჭირდება ვერტმფრენები. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა. ახლა ვიყავი მთაში, იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არ გვყავს, რომელიც ავა და გამოიყვანს, მაგალითად, სადმე გაჭედილ მოგზაურს ან გადაიყვანს ჯარის ნაწილს, ან გადაიყვანს პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთდერთი შანსი და ამასაც გვართმევენ. ბარემ მაშინ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი, რაღაზე გვქვია ჩვენ მაშინ საქართველოს მთავრობა? გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი ივანიშვილსა და სხვებს იმ თვითმფრინავზე, რომლითაც მე დავფრინავდი? თვითონ რომ ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში და დაფრინავს ყველა ოფიციალურ ვიზიტებზე, ეს როგორ აიხსნება? თვითონ აღარ უქმნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა თუ როგორ არის? და ამ თვითმფრინავის ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება? ამიტომ ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებეთ იმას თავი, რაც არის და გააკეთეთ რამე ახალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისათვის: „სუპერ პუმა“ ფრანგული წარმოების ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებისთვის და მისი საცალო ფასი 15-დან 18 მილიონ დოლარამდე აღწევს.