საზოგადოება
ცეზარ ჩოჩელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

1-CoCeliსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე.

„2010 წლის 29 ივნისს შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებული იქნა ტენდერი 76 798 074 ლარის ღირებულების 474 000 ერთეული რკინაბეტონის შპალის შესყიდვის თაობაზე. საქართველოში აღნიშნული სახეობის შპალების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“.

ცეზარ ჩოჩელი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელ მოადგილეს დავით გიორგაძეს, რომელსაც შეუთანხმდა შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეძენაზე.

2010 წლის 9 სექტემბერს შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ შესაძენად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ცეზარ ჩოჩელის გამგებლობაში არსებულმა შპს „მიქსორმა“, რომელმაც ქარხანა შეიძინა 7 416 364   ლარით  შემცირებულ ფასად - 12 679 350 ლარად.

2010-2013 წლებში ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“  უკანონოდ ფლობით ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით,  შპს ,,რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ მიერ  30 347 018 ლარად შეძენილი იქნა  ლუდსახარში „ზედაზენის“ 70% წილი. შპს „ბარამბოსათვის“ შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს „ბერტასთვის“ – 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.