საზოგადოება
„ქორთიარდ-მარიოტთან“ ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

1-xudongesსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს დილიდან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და განსახლების საკითხზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის დასასრულს პროექტის მომხრეებსა და მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის  სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას გამოიწვევს. კონფერენციის  დასასრულს შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიება და პროექტის განხილვა კვლავაც გაიმართება.

"ქორთიარდ მარიოტში" პროექტთან დაკავშირებით მსჯელობის პარალელურად სასტუმროსთან  საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც უფლებადამცველები ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მართავდნენ. 
აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის მშენებლობა დამღუპველ კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს და სვანეთში ბუნება და ისტორიული ადგილები განადგურდება. მათივე განცხადებით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ, სვანეთში ჩავლენ და გვერდით დაუდგებიან იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიფიცეს, რომ ხუდონჰესი არ აშენდება. 
აქციის მონაწილეები 26 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებენ, რათა პრემიერ ივანიშვილს ჰესის მშენებლობის შეჩერება კიდევ ერთხელ მოსთხოვონ.

ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად სვანეთში განსახლება 200 ოჯახს მოუწევს.