საზოგადოება
პუტინი: „რუსეთში, რომლისთვისაც „ხალხთა ციხის“ იარლიყის მიკერებას ცდილობდნენ, საუკუნეების განმავლობაში არ გამქრალა არცერთი, თუნდაც სულ მცირე ეთნოსი“

1-obsh-1-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„ევროპულ და რიგ სხვა ქვეყნებში ეგრეთ წოდებული მულტიკულტურალიზმი, ბევრწილად შემოტანილი, ზემოდან ხელოვნურად დამკვიდრებული მოდელი, დღეს ეჭვქვეშ დგება, და გასაგებია – რატომ. იმიტომ რომ საფუძველში დევს ერთგვარი საზღაური კოლონიალური წარსულისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს თავად ევროპის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ მულტიკულტურალიზმის მარცხზე, იმაზე, რომ მას არ ძალუძს საზოგადოებაში უცხოენოვანი და უცხოკულტურული ელემენტების ინტეგრაციის უზრუნველყოფა.

რუსეთში, რომლისთვისაც თავის დროზე „ხალხთა ციხის“ იარლიყის მიკერებას ცდილობდნენ, საუკუნეების განმავლობაში არ გამქრალა არცერთი, თუნდაც სულ მცირე ეთნოსი. ყველა მათგანმა შეინარჩუნა არა მარტო საკუთარი შინაგანი დამოუკიდებლობა და კულტურული იდენტურობა, არამედ თავისი ისტორიული სივრცეც. იცით, ინტერესით შევიტყვე (არც კი ვიცოდი!), საბჭოთა დროს ამას ისეთი ყურადღებით ეკიდებოდნენ, თითქმის ყველა პატარა ხალხს თავისი ბეჭდური გამოცემა ჰქონდა, მხარს უჭერდნენ ენებს, მხარს უჭერდნენ ეროვნულ ლიტერატურას. სხვათაშორის, კარგი იქნება, ბევრი რამ იქიდან, რაც ამ თვალსაზრისით ადრე კეთდებოდა, დავაბრუნოთ და მივიღოთ. ამავე დროს, ჩვენ ურთიერთგავლენის, ურთიეთრგამდიდრების, სხვადასხვა კულტურის ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება დაგვიგროვდა. ეს პოლიკულტურულობა, პოლიეთნიკურობა ჩვენს ისტორიულ ცნობიერებაში, ჩვენს გონში, ჩვენს ისტორიულ კოდში ცოცხლობს. ამაზე ათასი წელი ბუნებრივად შენდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“.