საზოგადოება
პუტინი: „სამოქალაქო იდენტურობის ჩამოყალიბება საერთო ფასეულობების საფუძველზე საკუთარ ეთნიკურ, რელიგიურ ფესვებთან კავშირის გაუწყვეტლად – ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“

1-obsh-2-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„რუსეთი, როგორც ხატოვნად ამბობდა ფილოსოფოსი კონსტანტინ ლეონტიევი, ყოველთვის ვითარდებოდა, როგორც „აყვავებული სირთულე“, როგორც სახელმწიფო–ცივილიზაცია, გამტკიცებული რუსი ხალხით, რუსული ენით, რუსული კულტურით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიით და რუსეთის სხვა ტრადიციული რელიგიებით. სწორედ სახელმწიფო–ცივილიზაციის მოდელიდან გამომდინარეობს ჩვენი სახელმწიფო წყობის თავისებურებები. ის ყოველთვის ისწრაფოდა მოქნილად გაეთვალისწინებინა ამა თუ იმ ტერიტორიების ეროვნული, რელიგიური სპეციფიკა და ერთიანობაში მრავალფეროვნება უზრუნველეყო. ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, იუდაიზმი, სხვა რელიგიები – რუსეთის იდენტურობის და ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია მისი მოქალაქეების დღევანდელ ცხოვრებაში. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული – ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლების და ათეისტებისთვის თანაბარი უფლებების, ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სინდისის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფაა.

თუმცა მხოლოდ ეთნოსით, რელიგიით  იდენტიფიკაცია პოლიეთნიკური შემადგენლობის უმსხვილეს სახელმწიფოში, უდავოდ, შეუძლებელია. სწორედ სამოქალაქო იდენტურობის ჩამოყალიბება საერთო ფასეულობების, პატრიოტული ცნობიერების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის, კანონის პატივისცემის, სამშობლოს ბედთან თანაზიარობის საფუძველზე საკუთარ ეთნიკურ, რელიგიურ ფესვებთან კავშირის გაუწყვეტლად – ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. როგორ გაფორმდება პოლიტიკურად, იდეურად, კონცეპტუალურად ეროვნული განვითარების იდეოლოგია – ფართო დისკუსიების საგანია, მათ შორის, თქვენი მონაწილეობით, პატივცემულო კოლეგებო. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ფილოსოფიის ცენტრში უნდა იყოს ადამიანის განვითარება – მორალური, ინტელექტუალური და ფიზიკური. ჯერ კიდევ 90–იანი წლების დასაწყისში სოლჟენიცინი ლაპარაკობდა უმძიმესი XX საუკუნის შემდეგ ხალხის შენარჩუნებაზე, როგორც მთავარ ნაციონალურ მიზანზე. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ნეგატიური დემოგრაფიული ტენდენციების სრულად გარდატეხა ჯერჯერობით ვერც ჩვენ შევძელით, ჩვენ მხოლოდ ცოტათი მოვშორდით ეროვნული პოტენციალის დაკარგვის სახიფათო ზღვარს“.