საზოგადოება
პუტინი: „განათლებული, შემოქმედი, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ადამიანები, და არა ბუნებრივი რესურსები ან ბირთვული იარაღი იქნება ამ და მომდევნო საუკუნეების რუსეთის მთავარი ძალა“

1-obsh-3-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცალკეული ადამიანის სიცოცხლის ღირებულება ხშირად მცირე იყო. ადამიანები მეტისმეტად ხშირად რჩებოდნენ განვითარების მხოლოდ საშუალებად, და არა მიზნად და მისიად. ჩვენ უკვე აღარა გვაქვს არა მარტო უფლება, არამედ შესაძლებლობაც, რომ განვითარების საცეცხლეს მილიონობით ადამიანი შევუკეთოთ. თითოეულის მოფრთხილებაა საჭირო. სწორედ განათლებული, შემოქმედი, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ადამიანები, და არა ბუნებრივი რესურსები ან ბირთვული იარაღი იქნება ამ და მომდევნო საუკუნეების რუსეთის მთავარი ძალა.

განათლების როლი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ პიროვნების, პატრიოტის აღსაზრდელად ჩვენ დიდი რუსული კულტურისა და ხელოვნების როლის აღდგენა გვჭირდება. ისინი უნდა გახდეს მოქალაქეთა თვითგამორკვევის საძირკველი, თვითმყოფადობის წყარო და ეროვნული იდეის გაგების საფუძველი. აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მასწავლებლების, პედაგოგების საზოგადოებაზე, რომელიც იყო და რჩება ზოგადეროვნული ფასეულობების, იდეებისა და განწყობის უმნიშვნელოვანეს მცველად. ეს საზოგადოება ერთ ენაზე ლაპარაკობს – მეცნიერების, ცოდნის, აღზრდის ენაზე. და ეს ხდება უზარმაზარ ტერიტორიაზე – კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე. და უკვე ამით ეს საზოგადოება, მხედველობაში მაქვს მთლიანად მასწავლებელთა თანასაზოგადოება ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, განამტკიცებს ქვეყანას. და ამ საზოგადოების მხარდაჭერა – ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ძლიერი, აყვავებული რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე“.