საზოგადოება
ხუბუტია: „ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ხალხისთვის და დაგვერწმუნებინა ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რომ ქართველები და რუსები ყოველთვის მეგობრები იყვნენ!“ – ფილმ „ხატის“ პრეზენტაცია და ჩვენება თბილისში

1-obsh-1-khubutiaსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 22 სექტემბერს, თბილისში, Radisson Blu Iveria Hotel–ის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა მხატვრული ფილმი „ხატის“ პრეზენტაცია და ჩვენება. ფილმი გადაღებულია რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარის მიხეილ ხუბუტიას ინიციატივით, რომელიც საგანგებოდ ჩამოფრინდა მოსკოვიდან თბილისში პრეზენტაციაზე დასასწრებად.

კინოფილმი რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე, სიყვარულზე, საერთო რწმენასა და საერთო ფასეულობებზე გადაღებულია რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების კურთხევით. მას საფუძვლად დაედო ორი ნოველა: „მოსკოვი–თბილისი“ და „წმინდა გიორგის ძიება“.

„ხატი“ ქართველი და რუსი ხელოვნების მოღვაწეების ერთობლივი შრომის ნაყოფია. ფილმის პროდიუსერია მიხეილ ხუბუტია, ხოლო კურატორი – გამოჩენილი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე, რომელმაც გუშინ ფილმი ყველასთან ერთად ნახა. მხატვრული ხელმძღვანელი – ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, რეჟისორები – ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე, დამდგმელი ოპერატორი – ნუგზარ ნოზაძე, კომპოზიტორი – ენრი ლოლაშვილი. მთავარ როლებს ასრულებენ რუსი და ქართველი მსახიობები: ეკატერინა რედნიკოვა, ბორის შჩერბაკოვი, ნატო გაგნიძე, ანატოლი პაშინინი, ლევან ხურცია, ნიკა ჩხიკვაძე და სხვები. ფილმში მონაწილეობდა აგრეთვე ანდრეი პანინი – ეს მისი უკანასკნელი მსახიობური ნამუშევარი იყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფილმი „ხატი“ რუსეთში ОРТ–ს ეთერში გავიდა და კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლის მრავალრიცხოვანი გამოხმაურება მიიღო.

„იდეა რეზო ჩხეიძეს და მე გვეკუთვნოდა. შემდეგ ორივემ შევთავაზეთ ის რუსეთის პრეზიდენტს, ნორმალური მსახიობები შევარჩიეთ და გვინდოდა გვეჩვენებინა ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, გვეჩვენებინა და დაგვერწმუნებინა, რომ ქართველები და რუსები ყოველთვის მეგობრები იყვნენ!“, – თქვა მიხეილ ხუბუტიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში ფილმის ჩვენების დაწყებამდე.