საზოგადოება
NDI: ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა - 56 %, სექსუალური უმცირესობების დაცვა - 15%

1-umciresoba-saz-1საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.

NDI-ს კვლევაში დასმულ კითხვას - უმცირესობების ჯგუფების შესახებ როდესაც ფიქრობთ, პირველ რიგში რომელი გახსენდებათ? - გამოკითხულთა 23% რელიგიურ უმცირესობებს ასახელებს, 22% - ეთნიკურ უმცირესობებს, 22% - სექსუალურ უმცირესობებს.

მოსახლეობის 61%-ის აზრით, უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ან  მნიშვნელოვანია. მოსახლეობის 56%-ს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვან ან მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვან ან მნიშვნელოვან საკითხად 62%-ს მიაჩნია, სექსუალური უმცირესობების დაცვა კი - 15%-ს.