საზოგადოება
დავით უსუფაშვილი: „ის მავთულხლართები, რომელსაც დღეს რუსი ჯარისკაცები ავლებენ, შესაძლოა თავად რუსმა ჯარისკაცებმა აიღონ“

1-davit-usupსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გუშინ დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანა ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ეს ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.

„ის, რაც ამ დღეებში ხდება, არის გაგრძელება ამ პრობლემის, რომელსაც სჭირდება ერთიანობაში მოვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მავთულხლართები, რომელსაც დღეს რუსი ჯარისკაცები ავლებენ, იქნება აღებული, შესაძლოა თავად რუსი ჯარისკაცების მიერვე, მაგრამ ეს არ იქნება ხვალ დილით, ამას დასჭირდება რამდენიმე დღე, რამდენიმე თვე თუ რამდენიმე წელი, ამაზე დღევანდელ დღეს სპეკულირება იქნებოდა უპასუხისმგებლობა.

ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ამხელა ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და რომელმაც ეს პრობლემა თავისთვისაც ბოლომდე ვერ მოაგვარა, რადგან მთელი მსოფლიო ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ხედავს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მისეული მცდელობა ჩიხშია შესული. ჩვენ კარგად უნდა გავიზროთ, რისი პროვოცირება შეიძლება სურდეს მტერს. ის, რომ საზღვარს მტერი ავლებს, ეს ვიცით. ცხადია, ის ამას არასწორი და ცუდი მიზნით აკეთებს.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ ყოველ დღე ამ საქმის ახალი რეცეპტი გამოჩნდება. მთავარია არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკურ-დემოკრატიული დალაგება", - განაცხადა უსუფაშვილმა.