უცხოეთი
რუსეთის დელეგაციამ გაეროს გენასამბლეის დარბაზი სააკაშვილის თავდასხმების გამო დატოვა

1-mikheil-axali

საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენერალური ასამბლეის მუდმივი წევრები უკვე მიეჩვივნენ, რომ ყოველწლიურად, „მინისტრების კვირეულის“ მიმდინარეობისას, როცა გაეროს შტაბბინაში ნიუ იორკში ათობით სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩამოდის, თუნდაც ერთი პრეზიდენტი სკანდალს აწყობს. ამჯერად დიპლომატიური სიმშვიდის დამრღვევის როლის შესრულება მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა.

ბოლო რამდენიმე წელი გენასამბლეაზე ძირითადად ირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აწყობდა სკანდალებს და აშშ-ს ყველა სასიკვდილო ცოდვაში ადანაშაულებდა. თუმცა, ამა წლის აგვისტოს იგი ჰასან როუჰანმა ჩაანაცვლა, რომელმაც, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, თავისი წინამორბედის დიპლომატიური შეცდომები აღარ გაემეორებინა. პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე მან მიანიშნა, რომ მზადაა, თუ ყველაფერი არა, ბევრი გააკეთოს ირან-ამერიკის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

აჰმადინეჯადამდე გენასამბლეაზე ვენესულის ლიდერი უგო ჩავესი ხმაურობდა. მისმა მემკვიდრე ნიკოლას მადურომ კი საერთოდ უარი განაცხადა ნიუ იორკში ჩასვლაზე.

ექსპერტებმა უკვე მოიწყინეს, როცა კიდევ ერთი ასეთი პრეზიდენტი გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, წასვლისას კარი რაც შეიძლება ხმამაღლა გაეჯახუნებინა.

პრეზიდენტის პოსტზე მისი უფლებამოსილებანი, როგორც ცნობილია, ამა წლის ოქტომბერში იწურება. ეს კი ნიშნავს, რომ მას დასაკარგი არაფერი აქვს და იგი გენასამბლეის ტრიბუნაზე გამოვიდა აშკარა განზრახვით, „ბოლო ომი“ გადაეხადა. თავისი საბოლოო გამოსვლა მან პრაქტიკულად მთლიანად რუსეთს მიუძღვნა.

რუსეთის დელეგაციამ თითქმის მაშინვე დატოვა გენასამბლეის დარბაზი. „იმ შეფასებებზე დაუთანხმებლობის ნიშნად, რომელთაც გენასამბლეის ტრიბუნიდან ბატონი სააკაშვილი ახმოვანებდა, რუსეთის წარმომადგენლები დარბაზიდან გავიდნენ“, - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის რეაქცია კი სააკაშვილის გამოსვლაზე გაცილებით მკაცრი იყო. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა „პროფესიონალის შეფასებას მოითხოვს“. „ამჯერად ეს გამოსვლაც კი არა, არამედ ანტირუსული, რუსოფობიური და ანტიმართლმადიდებლური ხასიათის მატარებელი ბოდვის ნაკრები იყო. ქართველი ხალხის საბედნიეროდ, ამ კაცის პოლიტიკური კარიერის დასასრული ახლოვდება“, - დასძინა ჩურკინმა.