საზოგადოება
სააკაშვილი: „საქართველოს დღეს აქვს ერთი დიდი საფრთხე და ჰყავს ერთი დიდი დამპყრობელი!“

1-sazz-1საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„შამილის აჯანყების დროს ყველაზე გამოჩენილი მეთაური კავკასიაში იყო ბაისანგური, დაღესტნელი, ლეკი. შამილი ჩაბარდა და ეს კიდევ რამდენიმე წელი უწევდა წინააღმდეგობას. ბოლოს შეიპყრეს და ჩამოხრჩობას რომ უპირებდნენ, შეკრიბეს იქ, დაღესტნიდან, სხვადასხვა ადგილებიდან ბევრი ხალხი და უთხრეს რამდენიმე ტომის წარმომადგენელს: თქვენ მოდით და სკამი გამოაცალეთ ამას ფეხიდან. ეს რას ნიშნავდა, რომ მერე შურისძიება უნდა გადასულიყო მრავალ საუკუნეზე ამ სხვადასხვა ტომებს შორის. ბაისანგურმა აიღო და თვითონ რომ დაინახა ეს ყველაფერი, გამოიცალა სკამი და ჩამოიხრჩო თავი, რომ რუსული გეგმა არ აღსრულებულიყო და არ გადასულიყო მტრობა ტომებს შორის და ბოლოსაც წაართვა რუსებს შანსი, რომ ეს გაეკეთებინათ.

ჩვენ მუდმივად სხვადასხვა გზით შთაგვაგონებენ, რომ ყველა ჩრდილოკავკასიელი არის ჩვენი მტერი, რომ სომხეთი არის ჩვენი მტერი, რომ აზერბაიჯანიც, რა თქმა უნდა, და ეჭვის თვალით უნდა ვუყურებდეთ, თურქეთზე აღარ ვლაპარაკობ. მაშინ, როცა რეალობა არის სულ სხვა: საქართველოს დღეს აქვს ერთი დიდი საფრთხე და ჰყავს ერთი დიდი დამპყრობელი! და ყველა დანარჩენი, როცა გაქვს ერთი დიდი საფრთხე, უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ამ დამპყრობელმა ვერ შეძლოს ყველას სათითაოდ განადგურება. ეს გააკეთა აღმოსავლეთ ევროპამ. რატომ იყო, რომ ესტონელები, ლიტველები, პოლონელები ასე მაგრად დაგვიდგნენ 2008-ში? იმიტომ, რომ ყველას ესმოდა, რომ საქართველოში წყდებოდა ასევე მათი ბედი, რომ ცალ-ცალკე ყველას კუთხეში მიგვყუჟავენ და გაგვანადგურებენ. ასე მუშაობენ ისინი - ესაა მათი ტაქტიკა!“