საზოგადოება
„გიორგი არის დინჯი, გულწრფელი და პატიოსნებით გამორჩეული ადამიანი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი" - მარგველაშვილი თელაველებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა

sazogad-1-mtav-margvelaსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 30 სექტემბერს კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა კახეთში გამართა. თელაველებს არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა. გიორგი არის დინჯი, გულწრფელი და პატიოსნებით გამორჩეული ადამიანი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი", - განაცხადა პრემიერმა მარგველაშვილის წარდგენისას.
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს, როდესაც 27 ოქტომბრიდან ხალხი ბოლომდე გადაიბარებს ძალაუფლებას. კოალიციის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ზუსტად ერთი წლის წინ საზოგადოება გააერთიანა და ქვეყანა ხალხს დაუბრუნა.

გუშინვე გიორგი მარგველაშვილს სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც მან მოისმინა მათი პრობლემები და საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. „28 ოქტომბრიდან ჩვენ, თქვენთან ერთად, დავიწყებთ ახალი საქართველოს მშენებლობას!“ - იყო მარგველაშვილის მთავარი გზავნილი ყარაჯალელებს.

sazogad-1-qvemargvela