საზოგადოება
ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ კუდ–ის მიერ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი აგენტები დაასახელა

agentebiსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. გასულ კვირას გაზეთმა „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის სკანდალური განცხადება, სადაც მან „ქართული ოცნების“ ორი მაღალჩინოსანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანი კუდ–თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

ამავე გაზეთთან გუშინდელ ინტერვიუში კი ჯორბენაძე ყვება, როდის და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირების გადაბირება.

„ჩემ მიერ გაცხადებული ადვოკატების ჩანერგვის პროცესი დაიწყო 2011 წლის ნოემბრიდან. ჩანერგილებს შორის იყვნენ შალვა თადუმაძე, გიორგი ჩიქოვანი და სხვა, უფრო მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა გვარებს ამჟამად არ დავასახელებ. შალვა თადუმაძე, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილის კარზე  მჭედლიძის არხებით მოხვდა. ზაზა მჭედლიძე იყო დიმიტრი შაშკინის მრჩეველი, მეტსახელად „ლისი“. ეს ყველაფერი იგეგმებოდა დათა ახალაიას ხელდასხმით და რეალურად ამას ახორციელებდნენ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირები: ნუკრი ებანოიძე, გიორგი მაისურაძე და მალხაზ გაჩეჩილაძე, საკონტაქტო პირად კი გამოყენებოდა ავთო ჯოხაძე. შეხვედრები ხდებოდა ოქროყანაში, სასაფლაოსთან ახლოს. რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, ოქროყანაში ერთ-ერთი ჩემი ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ჩემ წინ იქ სწორედ არმაზ ახვლედიანი იყო ასული“, - აღნიშნა ადვოკატმა გამოცემასთან საუბარში და განმარტა, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, როდესაც თვითონაც ჩანერგილი იყო „ქართულ ოცნებაში“.

მისივე თქმით, ოქროყანისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან არსებულ თავდაცვის სამინისტროს კოტეჯებთან მას ხშირად უნახავს „ბევრი ისეთი თანამდებობის პირი, რომელიც ბუზს არ აიფრენს ახლა თავზე“, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან ადვოკატმა ჯერჯერობით თავი შეიკავა და განაცხადა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მან „ქრონიკა+“-ს მიაწოდა, მოცემული შეთანხმების თანახმად, სავარაუდოდ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გასაჯაროვდება.