საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „ახალმა მთავრობამ ისე მოახერხა სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, რომ ამით ქვეყნის ევროპულ ვექტორს არაფერი დააკლდა!“

sazogad2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

გიორგი მარგველაშვილი შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს დღეს ჰყავს არა ევროპული ტიპის ხელისუფლება, არამედ ტიპიურად ევროპული ხელისუფლება, რომლის მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნაა: „გიორგი მარგველაშვილი არის გენიალური მენეჯერი, რომელმაც განათლების სისტემაში ყველაზე ნაკლები თანხებით მოახერხა ეფექტური რეფორმების გაატარება. გიორგის უამრავი თვისება გააჩნია, რომ ჩვენ ვიამაყოთ ახალი პრეზიდენტით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, „ახალმა მთავრობამ ისე მოახერხა სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, რომ ამით ქვეყნის ევროპულ ვექტორს არაფერი  დააკლდა… ის ახალი საქართველო, რომელზეც ვსაუბრობთ, ვერ შედგება მოქალაქეების აქტიური ჩართულობის გარეშე. 27 ოქტომბერმა უნდა აჩვენოს  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთი მიმართულებით იყურება!“, რის დასტურადაც მან ვილნიუსის მომავალი  სამიტი დაასახელა.