საზოგადოება
„სრულიად ახალი ქვეყანა იქნება, აფხაზიც დაინახავს და ოსიც, რომ მომავალი ჩვენს ერთად დგომასა და ქვეყნის მშენებლობაშია!“ - გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ზემო აჭარაში

sazog3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები ზემო აჭარაში გამართა.

ქედის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან არმაზ ახვლედიანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად შუახევის და ხულოს ამომრჩევლებს შეხვდა.

„ყველას მინდა გთხოვოთ, გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი შვილების, ხულოს, მთიანი აჭარის მომავლის სასარგებლოდ. ავირჩიოთ  მაღალი ზნეობისა და სამოქალაქო კულტურის ადამიანი და ერთად განვაგრძოთ გზა საქართველოს გამთლიანებისკენ“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

„მთა კრავს ბარს, მთა თუ დაიცლება, წელში გაწყდება ბარიც, თითოეული აქ მცხოვრები ადამიანი ამაგრებს საზღვარს, თქვენ ჩვენი სამშობლოს ცოცხალი მესაზღვრეები ხართ და გაფრთხილება გჭირდებათ“, - მიმართა ამომრჩევლებს გიორგი მარგველაშვილმა.

„სრულიად ახალი ქვეყანა იქნება, აფხაზიც დაინახავს და ოსიც, რომ მომავალი ჩვენს ერთად დგომასა და ქვეყნის მშენებლობაშია! გპირდებით, ვიქნები გარანტი, რომ  ჩვენს რელიგიურ უმცირესობას რელიგიურ ნიადაგზე პრობლემები აღარ შეექმნება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.