საზოგადოება
სააკაშვილი: "ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი იქნება, ამიტომ ვურჩევ ყველას თბილისში, კარგად მოისმინოს, რასაც ლაპარაკობს!“
1-saz-2-hilariსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ჰილარი კლინტონი, როგორც ყოველთვის, ძალიან დიპლომატიურია, მაგრამ სათქმელი ძალიან მყარად თქვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განaცხადა და იქვე აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი დიდი ალბათობით ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი იქნება. “თქვა, რომ არის პრობლემები, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენას შეიძლება გადაჰყვეს საქართველოს პრესტიჟი, რეპუტაცია და მომავალი. ასევე გადაიზარდოს ქვეყნის გახლეჩაში და კონფრონტაციაში. ჰილარი კლინტონმა რომ არ გვითხრას ეს, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ჰილარი კლინტონი, თუკი რამე მესმის, დიდი ალბათობით არის ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი. ამიტომ ვურჩევ ყველას თბილისში, კარგად მოისმინოს, რას ლაპარაკობს ეს ჩვენი მეგობარი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს შესახებ ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმაზე უნდა იფიქროს, რა იქნება უმჯობესი საქართველოსთვის მომდევნო წლების განმავლობაში.
"მინდა, გთხოვოთ, რომ შეეცადოთ და თავი აარიდოთ პერსონალიზაციას და ამის ნაცვლად გააანალიზოთ, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო 5, 10, 15 წლის განმავლობაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებისგან რაღაცის გაკეთებას მოითხოვენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც წარუმატებლად მიიჩნევს თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა. ისე უნდა შეინარჩუნოთ საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომ არ შეიქმნას არასტაბილურობა და თუნდაც კონფლიქტი, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიის პროექტს საქართველოში", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.