საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მილიონი არის გაცემული ლობისტებზე და იქიდან 400 ათასი დოლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით – ელჩებზე!“

1-bokeria-saz-1საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ, ჩვენი უბადრუკობით, 9-10 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი მაქსიმალურად ძალადობდა საქართველოს მოსახლეობაზე, ბიზნესიდან ყველა ამონაგები ნაწილდებოდა, ელიტარული კორუფცია ყვაოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

„16 მილიონი მარტო წინა წელს აქვს დახარჯული ბოკერიას, რომელიც ძირითადად პიარ-კამპანიებით იყო დაკავებული და დღესაც მთელი წლის განმავლობაში იმითაა დაკავებული, როგორ მოსცხოს ჩირქი ქვეყანას. ბოკერიას სამსახური მთლიანად სააკაშვილის პიარ-კამპანიაზე იყო მორგებული. აი ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდათ. ასევე ატყუებდნენ ამერიკას. ჩვენი უმეცრებით იყენებდნენ ჩვენგან წაგლეჯილ ფულს და გარეთ დიდ პიარ-კომპანიებსა და ლობისტებს ამუშავებდნენ“, - აღნიშნა პრემიერმა, რომლის თქმითაც, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

„ნუ იფიქრებს საზოგადოება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულებულია. ის გრძელდება. პროკურატურაში უამრავი საქმეა. გამოძიებაა, მათ რიცხვში, ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მლნ-ის ლობისტებზე გაცემაზე და იქიდან 400 ათასი დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით არის გაცემული. მათ შორის, ელჩებზე. ამაზე პასუხისგება მოუწევთ მათ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას. თქვენ კიდევ ბევრ რამეს ნახავთ და ევროპელებიც ბევრს დაინახავენ. იმ ევროპელებს, რომლებიც ჯერ კიდევ თავგამოდებით იცავენ „ნაციონალურ მოძრაობას", შერცხვებათ და უკან დაიხევენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.