პუბლიკაციები
ექიმ ლილუს ომი

gias_suratiსამხედრო ნაწილის ექიმი გიორგი ლილუაშვილი, როგორც სამხედრო ნაწილის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაამწესეს და, იმავდროულად, დაკავებული თანამდებობისადმი სრული შეუსაბამობის მოტივით სამსახურიდან დაითხოვეს!

გიორგი ლილუაშვილი: ნაწილში ჩემი მისვლის პირველი დღეებიდანვე ჯარისკაცებს ჩემთან მოჰქონდათ ე.წ. სასმელი წყლით სავსე ბოთლები, რომლებშიც ცურავდნენ მუცელგაბერილი ჭიები.

ვაზიანში მიწა არა მარტო დაბინძურებულია, არამედ მაღალ რადიაციულ ფონსაც შეიცავს. სწორედ “მწვანეთა” მოთხოვნით, აქ ჩამარხეს ჩერნობილის კატასტროფის რაიონიდან საქართველოში შემოტანილი დიდი რაოდენობით დაბინძურებული ხორცი! ამიტომ მინისტრ გიორგი ბარამიძის პოზიცია ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია!gia_vaziani

თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთსაა შეფარებული, თავს უფლება მისცა, შეესწორებინა სასამართლოს დადგენილება

ასობით ჩვენს “შინნახად კომანდოსს” სამედიცინო შემოწმების დროს აღმოაჩნდა “ქლამიდიუსი” - ინვალიდობის, იმპოტენციის, უშვილობის, სიბრმავის გამომწვევი მიკრობები

კარგადაა ცნობილი, რომ ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან მთავრდება. მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. არაერთი წელიწადია, ვაზიანში სამხედრო პოლიგონის აკრძალვის მიზნით ომი აქვს გამართული ექიმ გიორგი ლილუაშვილს. იბრძვის იმიტომ, რომ აქაურობა ფრიად საშიშია სამხედრო მოსამსახურეებისა და ადგილობრივ მცხოვრებთათვის, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის ვერ მიუღწევია.oivrbun_archeuli

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი ლილუაშვილი პირველ მექანიზებულ ბრიგადაში გაანაწილეს, რომელიც სოფელ ვაზიანშია განლაგებული. ახალგაზრდა ექიმი საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსად დანიშნეს.

დანიშნულების ადგილზე გამგზავრების წინ გიორგი ინსტრუქტაჟისთვის თავისთან გამოიძახა ფაკულტეტის უფროსმა, პროფესორმა ზურაბ კაცაძემ. პროფესორს რაღაც ჰქონდა სათქმელი თავისი აღზრდილისთვის. მისეული გზის დალოცვა ფრიად საგანგაშო ინფორმაციას შეიცავდა, რომელიც მედიცინის ახალწვეულს უნდა სცოდნოდა პირად შემადგენლობასთან მუშაობის დროს. დამრიგებლის გაფრთხილება საფუძვლიანი იყო: სწორედ ვაზიანში, თადარიგში გასვლამდე, საბჭოთა ჯარების დივიზიის სანიტარული ასეულის უფროსად მსახურობდა ზურაბ კაცაძე.surati_1

ერთი სიტყვით, ბრიგადაში გამგზავრების წინ სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი გიორგი ლილუაშვილი შესანიშნავად იყო გათვითცნობიერებული იმაში, რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიის მიმდებარე პოლიგონი გაძლიერებული საშიშროების ზონაში იყო მოქცეული, საბჭოთა პერიოდში თითქმის მთელი აქაური დივიზია კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებებით იყო დასნეულებული, რაც შემდგომში ბოტკინის დაავადების ეპიდემიად ჩამოყალიბდა. ამის გამო გასული საუკუნის 80-იან წლებში დივიზიაში კარანტინი გამოცხადდა.

ტერიტორია, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინათ დაავადდა. ამ დასკვნას ადასტურებს მიტოვებული სასაფლაო, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მარხავდნენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ადგილობრივ ევაკოჰოსპიტალში ინფექციური დაავადებებისგან იხოცებოდნენ. ეს ყველაფერი იცოდა გიორგიმ, როცა შეუდგა საქმიანობას თავის პირველ სამუშაო ადგილზე, რომელიც, სამწუხაროდ, ერთადერთი აღმოჩნდა მის სამსახურებრივ კარიერაში; ყოველ შემთხვევაში, - დღემდე.surati_12

სამუშაო ადგილზე ჩასულ ახალგაზრდა ექიმს დიდად არ გასჭირვებია იმ ადგილების ძირითადი ბაქტერიოლოგიური დაბინძურების მიზეზის დადგენა.

ეს იყო ადგილობრივი წყალი.

გიორგი ლილუაშვილი: საქმე ის არის, რომ ბრიგადა წყლით მარაგდებოდა ადგილობრივი მცირე წყალსაცავიდან, რომელსაც საბჭოთა დივიზიის ზურგის მუშაკები უხვად აზავებდნენ ქლორით. მას შემდეგ, რაც დივიზია უპრობლემოდ წავიდა აქედან, რაც, ჩემი აზრით, არა მარტო პოლიტიკური მოტივებით იყო გამოწვეული, არამედ აქაური მიწის პრობლემურობითაც, ყველაფერი თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა. აი, ასეთ ადგილზე განთავსდა ჩვენი ბრიგადა.

ნაწილში ჩემი მისვლის პირველი დღეებიდანვე ჯარისკაცებს ჩემთან მოჰქონდათ ე.წ. სასმელი წყლით სავსე ბოთლები, რომლებშიც ცურავდნენ მუცელგაბერილი ჭიები. ბუნებრივია, რომ მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ამის თაობაზე მომეხსენებინა უფროსობისთვის.yicfuko

მაგრამ ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყვა. უფრო მეტიც, ბრიგადის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნაჭყებიანმა ლილუაშვილს მკაცრად უსაყვედურა: არ შეჰფერისო ოფიცერს ჭუჭყის, ანუ ჭიების სახლიდან გარეთ გატანაო.

მაგრამ გიორგი მტკიცე და სამართლიანი ხასიათის კაცი აღმოჩნდა. თავის უპირველეს მოვალეობად ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მიაჩნდა და უფროსის “ჭკვიანურ” დარიგებას არ დაჰყვა. პირიქით, ონკანებზე ბინტის პატარა ტომსიკები მიამაგრებინა, რომლებიც მალევე გაივსო პატარ-პატარა ჭიებით.

და როცა ხელმძღვანელობამ ამჯერადაც გაჩუმება ამჯობინა, გიორგი იძულებული გახდა, საგანგაშო პატაკებით “დაებომბა” თავდაცვის სამინისტრო. ეტყობა, მიზანში მოარტყა, რადგან იქიდან ბოლოს და ბოლოს კომისია გამოგზავნეს. თუმცა ეს ეგრეთ წოდებული კომისია უცნაურად მოიქცა. საქმის არსში რომ არ გარკვეულა, ისე დაუჭირა მხარი სარდლობას: “წყალი სუფთაა, დალევა შეიძლება!” - ასეთი იყო მისი საბოლოო ვერდიქტი.

ასეთ ცრუ და სამარცხვინო დასკვნას ექიმი, ცხადია, ვერ დაეთანხმებოდა. და სწორედ აქედან იღებს სათავეს უთანასწორო ომი, რომელიც მან სარდლობას გამოუცხადა და რომელსაც ბოლო არ უჩანს.

სიმართლის მაძიებლის შემდეგი ნაბიჯი თბილისის ერთ-ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში მისვლა იყო, სადაც თავის კოლეგებთან ერთად, რომელთაც სინდისი და პატიოსნება არ დაეკარგათ, ის წყალი გამოსაკვლევად მიიტანა. ლაბორატორიის თანამშრომლები უაღრესად გაჰკვირდნენ: სულ ახლახან თქვენგან წყალი მოიტანეს! ისეთი სუფთა და ანკარაა, ნეტავი სახლშიც ასეთი მოგვცაო...

როგორ მოგწონთ?!

მალევე გაირკვა, რომ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ დაასწრო ექიმებს და ექსპერტიზაზე ბორჯომის წყაროს წყალი მიიტანა.

აი აქ, ჩვენს ისტორიაში გამოჩნდება კეთილი ადამიანი თავდაცვის უწყების სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის დოდო თურქოშვილის სახით. ვაზიანელი მეთაურების კადნიერი საქციელის შესახებ რომ შეიტყო, ბრიგადაში სპეციალური ჯგუფი გააგზავნა იქაურ სიტუაციაში გასარკვევად. მაგრამ ჯგუფი ნაწილში არ შეუშვეს. სავარაუდოა, რომ მეთაურ ნაჭყებიანს საამისო სანქცია ჰქონდა ზემდგომი ინსტანციიდან, უთუოდ თვით გიორგი ბარამიძისგან, რომელიც მაშინ სათავეში ედგა თავდაცვის სამინისტროს! დაუჯერებელია, რადგან ბარამიძე პოლიტიკაში “მწვანეთა” მოძრაობიდან მოვიდა. ვინ, თუ არა მან, შესანიშნავად იცოდა, რომ ვაზიანში მიწა არა მარტო დაბინძურებულია, არამედ მაღალ რადიაციულ ფონსაც შეიცავს. და რომ სწორედ “მწვანეთა” მოთხოვნით, აქ ჩამარხეს ჩერნობილის კატასტროფის რაიონიდან საქართველოში შემოტანილი დიდი რაოდენობით დაბინძურებული ხორცი! ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინისტრის მიერ დაკავებული პოზიცია ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. საქმე ეხება არა მარტო სამშობლოს ახალგაზრდა დამცველების ჯანმრთელობას, არამედ ვაზიანში და მის შემოგარენში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობასაც. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი მავნე ვირუსების პოტენციური მატარებელია, რაც ქვეყანაში მასობრივი ეპიდემიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

საქმის არსში გიორგი ლილუაშვილი უკეთ გაგვარკვევს:

- და ვერავის მიაწვდინეთ ხმა, ბატონო გიორგი?

- ნუ მკითხავთ! ბრიგადის მეთაურის პოსტზე ნაჭყებიანის შემცვლელების პერიოდში შეეცადნენ წყლის მიწოდებას თბილისიდან მილებით. ფრიად სერიოზული თანხაც გამოიყო. მაგრამ სამუშაო ზერელედ ჩატარდა, სახელდახელოდ, მილსადენების საჭირო და აუცილებელი იზოლაციის გარეშე. შედეგად აქაურმა მლაშობმა ნიადაგმა მალევე დაჟანგა მილები, გაცრიცა მათი კედლები და ქალაქიდან მომდინარე წყალი მავნე ნივთიერებებით გაჯერდა.

- გამოდის, რომ ურემი კვლავ ლაფშია ჩაფლული?

- ასე გამოდის. ყველა შემთხვევაში, ინფექციის ახალი ტალღის საშიშროება კვლავ ძალაში რჩება. სამაგიეროდ ხელისუფლება წარმატებით გამისწორდა. თავიდან მომიცილა მეც და ჩემი სამართლიანი შენიშვნებიც. თანაც ეს ყველაფერი ფრიად საინტერესოდ მოაწყეს - ტრაგიკომედიის ჟანრის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით! “გამოუსწორებელი ცილისმწამებელი” რაც შეიძლება სწრაფად თავიდან რომ მოეცილებინათ, გადაწყვიტეს მე, როგორც სამხედრო ნაწილის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი (როგორ მოგწონთ ასეთი ცინიზმი?!) ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გამამწესეს! მანამდე კი ჩვენს სამხედრო აკადემიაში უნდა გამევლო ინგლისური ენის კურსები. სანამ შექსპირის ენის ათვისებით ვიყავი დაკავებული, ბრიგადაში მოასწრეს სხვა ბრძანების გამოცხობა - დაკავებული თანამდებობისადმი ჩემი სრული შეუსაბამობის შესახებ, რამაც მთლიანად გამორიცხა პირველი. მოკლედ, შეერთებულ შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამგზავრების ნაცვლად, ქუჩაში გამომაგდეს. მაგრამ ესეც არ მაკმარეს: როცა ჩემი გათავისუფლების ბრძანების ნახვა მოვინდომე, ერთბაშად მისი სამი ვარიანტი წარმომიდგინეს:

ა) სამსახურებრივი შეუსაბამობა;

ბ) ოფიცრის შემარცხვენელი საძრახი საქციელის გამო;

გ) ჯარებში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად და კადრების შემცირებასთან დაკავშირებით.

ამით თითქოს მიმანიშნეს (თანაც დამამცირებელი ფორმით): აირჩიე, ამ ბრძანებებიდან რომელი უფრო გეხატება გულზეო.

მე კი სამართლიანობით ვიყავი დაინტერესებული. ამიტომ, საკითხის გარკვევის მიზნით, გავაგზავნე შეკითხვა თავდაცვის სამინისტროში. პასუხი ფრიად უცნაური მივიღე: “სამხედრო უწყებაში შტატების შემცირება არ ტარდება. პირიქით - არის ვაკანსიები”. გავიქეცი კადრებში, მაგრამ იქაც “ყრუ კედელს” წავაწყდი: ვერ დაგეხმარებით, მიმართეთ სასამართლოს. სასამართლომ, რაგინდ უცნაურად მოგეჩვენოთ, მე დამიჭირა მხარი. ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ გაუქმდა.

მაგრამ სიმართლის მაძიებლის სიხარული ნაადრევი გამოდგა. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთსაა შეფარებული, თავს უფლება მისცა, შეესწორებინა სასამართლოს დადგენილება. მისი შესწორების მიხედვით გამოდიოდა, რომ ჩემი გათავისუფლება იყო კანონიერი, ე.ი. სამართლიანი!

გიორგი ლილუაშვილს კვლავ დაუდგა ახალი სასამართლო დავების უსიხარულო პერიოდი. მოსამართლეებს თითქოს თვალები აეხილათ და ერთხმად იწყეს იმის მტკიცება, რომ ოქრუაშვილის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. საქმე დამთავრდა იმით, რომ ჯარიდან მისი პირველი დათხოვნისა და მთელი ამ ჯახირის მეორე წლისთავზე ექიმი ლილუ, როგორც მას თანამშრომლები ეძახდნენ, მეორედ დაითხოვეს. ვაღიაროთ, რომ ასეთი პატივი ცოტა ვინმეს თუ ღირსებია.

მას შემდეგ ეჭვი ღრღნის გიორგი ლილუაშვილს - ცხოვრობს კი იგი იმ ქვეყანაში, რომელზეც ჩვენს “ტელეყუთებში” დილიდან ღამემდე ლაყბობენ, როგორც “დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურაზე”?

ნუ ჩქარობთ, წერტილის დასმა ჯერ ადრეა.

2008 წლის სამხედრო კამპანიის დროს, ქვეყნისთვის მძიმე დღეებში, ექიმმა ლილუმ კვლავ სცადა სამსახურში დაბრუნება. მისთვის მოულოდნელად ეს მცდელობა შედეგიანი გამოდგა. იმ დღეებში სასწრაფოდ ყალიბდებოდა სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, რომლის რიგებშიც გაიწვიეს ლილუაშვილი და მანაც ჩვეული პასუხისმგებლობით შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა. ომის დამთავრების შემდეგ კი ყველაფერი უწინდელ კალაპოტში ჩადგა. ექიმი ლილუ კვლავ ჩაითრია მღვრიე ფიქრების მორევმა: გაწვევით კი გაიწვიეს, მაგრამ რომელ თანამდებობაზე დანიშნეს, დღემდე არ იცის... არც ჰოსპიტლიდან გათავისუფლების ბრძანება მიუღია (ან რატომ უნდა გაეგდოთ?!), მაგრამ ხელფასს რატომ არ აძლევენ?

მაგრამ მთავარი საზრუნავი მაინც პოლიგონია.

ამ მძიმე ფიქრებში უნებურად გახსენდება ეპიზოდი, როცა ასობით ჩვენს “შინნახად კომანდოსს” სამედიცინო შემოწმების დროს აღმოაჩნდა “ქლამიდიუსი” - ინვალიდობის, იმპოტენციის, უშვილობის, სიბრმავის გამომწვევი მიკრობები. ბიჭებმა მაშინ კომპენსაცია მოითხოვეს, რადგან მთელი ხელფასი მკურნალობაზე ეხარჯებოდათ! მიაფუჩეჩეს ეს ამბავი, არ გაახმაურეს, როგორც ყველაფერი ის, რაც “სასიხარულო აღმასვლის” კალაპოტს ვერ ესადაგება.

და მაინც: ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს ამაზე?! ეშმაკსაც წაუღია პოლიგონი, ადამიანებს სჭირდებათ მიხედვა! ახლა მთელი იმედი სტრასბურგზეა, სადაც ყველა საჭირო საბუთი გააგზავნა სამხედრო ექიმმა, მედიცინის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ლილუაშვილმა, რომელიც დღეს იძულებულია აქტიურ უსაქმურობაში მოკლას დრო. წლები კი გადის, საუკეთესო წლები...

გივი ბაქრაძე,

სპეციალურად საქინფორმისთვის