საზოგადოება
სააკაშვილი: „ერთადერთი ენა, რომელსაც ივანიშვილი ფლობს, ეს არის „ასავალ-დასავალის“ ორღობის ბინძური ჭორების ენა, რომელმაც მას არჩევნები მოაგებინა შარშან...“

1-saz-3-mishikoსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. დრო დადგა, ამდენი შეტევების შემდეგ ერთხელ მაინც ვთქვა – ბიძინა ივანიშვილს ზუსტად იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯავახიშვილის პერსონაჟ ჯაყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რამდენიმე დღეში არჩევნებია საქართველოში, მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თავდასხმები ჩემზე, რაღაც მითიურ შეთითხნილ სისხლის სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით.ამდენი ხანია, თავს ვიკავებ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დახასიათებისგან, იმიტომ, რომ ეს, სხვა თუ არაფერი, ქართველი ხალხის არჩეული მთავრობაა და ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი. მაგრამ დრო დადგა, ამდენი შეტევების შემდეგ ერთხელ მაინც ვთქვა, ამ კაცს ზუსტად იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯავახიშვილის პერსონაჟ ჯაყოს და ამას, მე მგონი, ყველა ვხვდებით. მან არა მხოლოდ არ იცის არცერთი უცხო ენა, არამედ ასეთი უბადრუკი ქართული მე ცხოვრებაში არ მომისმენია, რაც ამ ქვეყნად ვცხოვრობ, როგორიც მას აქვს. ერთადერთი ენა, რომელსაც ეს კაცი ფლობს, არის "ასავალ-დასავალის" ორღობის ბინძური ჭორების ენა, რომელმაც, სხვათაშორის, არჩევნები მოაგებინა შარშან, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ის ფიქრობდეს, რომ ქართველი ხალხი არის ჩვეულებრივი თევზი, რომელსაც ერთი და იგივე ანკესს ჩაუგდებ და რამდენჯერმე წამოაგებ. შარშან არჩევნების წინ ხალხს უთხრეს, რომ ჩვენ - მე და ჩემმა პარტიამ ცხრა თვის ბავშვი მოვკალით, ეს ხომ ბლეფი! ბედუკაძე, რომლის დადგმული კადრებით მოიგეს არჩევნები, ლამის ნაციონალურ გმირად გამოაცხადეს. მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთი წელი არ დაუპატიჟიათ არცერთ სერიოზულ ვიზიტზე, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველო ისტორიაში. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მას შემდეგ, რაც საქართველოს იმიჯი ავამაღლე და წინ წავედით, დასცინის მთელი მსოფლიოს პრესა და ყველა პოლიტიკოსი. დასცინიან უკვე, აღარც ლანძღავენ და აკრიტიკებენ, საქართველოს დასცინიან, პრემიერ-მინისტრის სახელს ტალახში ათრევენ. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომლის კომუნიკაციის ინსტრუმენტი არის სიცრუე და ორღობის ჭორები. ხვალ კიდევ რაღაც გამოვარდება, ზეგ კიდევ რაღაც გამოვარდება, რა თქმა უნდა, არჩევნების წინ. დაიწყეს იმით, რომ 19 მილიარდი მაქვს სადღაც, ეძებეს, ეძებეს და ბოლოს სკამების შესყიდვით არიან დაკავებული ჩემს ოფისში. რა 19 მილიარდი მაქვს, აგერ ჩანს. მერე გადავიდნენ იმაზე, რომ უამრავი ხალხია გამქრალი, მომკვდარი... ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს? ყოველდღე იქნება ახალი თემა, იქნებ მათი წარმოდგენით თევზმა ეს ანკესი გადაყლაპოს!

მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი არც თევზია და არც სხვა რომელიმე ცხოველი, ხალხი სწავლობს გამოცდილებაზე. გაჭირვების და პრობლემების გამო მისცა მათ ხმა, იმ იმედით, რომ რაღაცას შეცვლიდნენ უკეთესობისკენ, თორემ ჭორებით რომ ვინმე სდომოდა ჩვენ ხალხს, "ასავალ-დასავალის" მთავარ რედაქტორს აირჩევდნენ საქართველოს პრეზიდენტადაც და პრემიერ-მინისტრადაც. მე მგონი, ამ დონიდან ჩვენ გამოსული ვართ. მე ვთქვი ამაზე ყველაფერი. თქვენ ვერ ხვდებით, რატომ არის ეს. პატარკაციშვილს ჰყავდა ჟვანიას ძმა, ამან სიაში შეიყვანა... რომელი დიდი პოლიტიკოსი ჟვანიას ძმაა? ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა ვინ არის? მხოლოდ ამისთვის შეიყვანეს, ნუთუ ვერ ხვდებით? თავს ხომ არ გაისულელებთ ვერც თქვენ და ვერც მე, რაზეა აქ საუბარი? საუბარია იმ ადამიანის კონკრეტულ მცდელობაზე, რომელმაც მოატყუა საქართველო შარშან არჩევნების წინ ე. წ. კომპრომატებით, ვერცერთი დაპირება ვერ შეუსრულა და აგრძელებს ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას და დღეს ერთი თემა მოიგონა, ხვალ მეორე და კიდევ რომელიმე გვირაბის გათხრაც დამაბრალეთ აქედან. ფაქტია, რომ საქართველო შენდებოდა და საბოლოო ჯამში მას წაუყენებენ პრეტენზიას, რატომ მოგვატყუეთ და რატომ შეაჩერეთ შენება. ეს იქნება ქართველი ხალხის რეაქცია და არა ის, მორიგ „ასავალ-დასავალის“ ჭორს ვინ გამოაცხობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.