საზოგადოება
პატარკაციშვილის ოჯახის 7-პუნქტიანი პრეტენზია საქართველოს

sazogad-2-7punktianiსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „გურიანიუსის“ ცნობით, იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გაზეთის რედაქტორებს ხვდებოდა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და „რუსთავის  ფოლადის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ორი ინსტანციის სასამართლო პროცესი წააგეს, პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ნდობით აღჭურვილმა პირმა და "რუსთავის ფოლადის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ განაცხადა: „ჩვენ დავამტკიცებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ეკუთვნოდა ბადრი პატარკაციშვილს, ვილაპარაკებთ ჯოზეფ კეიზე, მის რეპუტაციაზე, მის საქმიანობაზე... გავაანალიზებთ ორ სასამართლო გადაწყვეტილებას და ბოლოში გაგიზიარებთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ქარხნისთვის და საქართველოსთვის“.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ მასალებში ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა

თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი 22-ე გვერდი სათაურით: „მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის", რომლის 7 პუნქტიანი ჩამონათვალიც ასეთია:

1. არსებული 2200 სამუშაო ადგილის მნიშვნელოვნად შემცირებისა და რუსთავის ადგილობრივ ეკონომიკაზე გამანადგურებელი გავლენის მოხდენის საფრთხე

2. ქარხნის განვითარების შეჩერება, ასობით სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობის მოსპობა.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი რაოდენობით გადასახადების გადამხდელი მნიშვნელოვანი წყაროს დაკარგვა.

4. საქართველოს, როგორც უცხოური ინვესტიციის მომხიბვლელი მიზნის, იმიჯის მნიშვნელოვანი შელახვა.

5. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, გადახედავს თავის საინვესტიციო გეგმას.

6. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი შეიძლება იძულებული გახდეს წამოიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპენსაციის სახით საქართველოსთვის ასობით მილიონი დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

7. ჯოზეფ კეისთვის მოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა მიანიშნებს საქართველოს ბიზნესისა და საზოგადოების რეკრიმინალიზაციის საფრთხეზე.