საზოგადოება
საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც ლაშა აბაშიძემ მედიასთან განაცხადა, ახალ ადმინისტრაციაში იგეგმება რესტრუქტურიზაცია, თუმცა თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით მასობრივი დათხოვნა არ მოხდება.
როგორც აბაშიძემ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მარგველაშვილმა საქმიანი და პროფესიული ურთიერთობიდან გამომდინარე შეარჩია.
"ბოლო პერიოდში ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გავრცელდა, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ჩემთვის ნდობის გამოცხადება განპირობებულია მხოლოდ საქმიანი და პროფესიული ურთიერთობიდან გამომდინარე. ხოლო ის, რომ 8 წლის წინ ნათესაური კავშირი გვქონდა, ამას, რა თქმა უნდა, ვადასტურებ", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ, რომლის განმარტებითაც, იგი გიორგი მარგველაშვილს სტუდენტობიდან იცნობს.