პოლიტიკა
ეუთო საქართველოში წარმომადგენლობის აღდგენას გეგმავს
1lamberto-pol-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ეუთო საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის აღდგენას აპირებს. ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. 
"საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ... მომავალ წელს საქართველოში ვიზიტს ვგეგმავ და ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა იქნება, რაც რეგიონში პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა ლამბერტო ზანიერიმ. ამასთან, როგორც ეუთოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მუდმივად იმართება დისკუსიები საქართველოში ორგანიზაციის ყოფნის ფორმატზე, ისევე, როგორც გეოგრაფიულ და ტერიტორიულ ჩარჩოებში საქმიანობის შესახებ. 
"ნებისმიერი გადაწყვეტილება ეუთოს უშუალოდ ადგილზე ყოფნის, მისი მანდატისა და საქმიანობის შესახებ ორგანიზაციის 57–ვე  წევრი სახელმწიფოს მიერ მიიღება", - დასძინა ზანიერიმ. 
ეუთოს წარმომადგენლობამ საქართველოში მუშაობა 2009 წლის ივნისში შეწყვიტა.