პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: “გადავწყვიტე, გამოვიყენო პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამ ადამიანებს გამარტივებული წესით მივანიჭო საქართველოს მოქალაქეობა!”

1gancxadeba-pol-1საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში შემდეგი განცხადება გაავრცელა:

“ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით, რადგან იუსტიციის სამინისტრო მათ უარს ეუბნება. ესენი ძირითადად არიან ყოფილი ჩვენივე მოქალაქეები, რომელთაც, ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო, იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ შორისაა ის ხალხიც, რომლებიც დიდი ხანია, საქართველოში ბიზნესს ეწევიან. სრულიად დაუშვებელია, სახელმწიფომ მოქალაქეობაზე უარი უთხრას ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებად დაიბადნენ და მთელი ცხოვრება ჩვენი მოქალაქეები იყვნენ. სრულიად მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს!
გადავწყვიტე, გამოვიყენო პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამ ადამიანებს გამარტივებული წესით მივანიჭო საქართველოს მოქალაქეობა. 
P.S.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მომართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განაცხადები შემოიტანონ ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, აბდუშელიშვილის ქ.№1.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველმა პირებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ:
განცხადება მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) დამატებით უნდა წარმოადგინოს არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი, თუ დაბადებულია საზღვარგარეთ – სათანადო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ასევე ორივე მშობლის წერილობითი თანხმობა, ხოლო 14–დან 18 წლამდე პირების შემთხვევაში, ასევე, არასრულწლოვანის პირადი თანხმობა.
განცხადებები უნდა ჩააბარონ პირადად ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით“.