პოლიტიკა
ანდრო ბარნოვი: „არ შეიძლება სააკაშვილს ცილი დავწამოთ იმაში, რომ ის უპატივცემულოდ ეპყრობა სახელმწიფო სიმბოლოებს!“

1andro-pol-3-mtსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის სასახლეზე გულებიანი დროშის აღმართვის თაობაზე განმარტება გააკეთა.

ბარნოვმა ახსნა, თუ რატომ აღიმართა გულებიანი დროშა პრეზიდენტის სასახლეზე. ირკვევა, რომ სასახლეში, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლის აღსანიშნავად, ხატია ბუნიათიშვილის მუსიკაზე კლიპის გადაღება მიმდინარეობს.

„მინდა ვთხოვო საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლებას, ნუ ვაქცევთ ყველაფერს ახალი ზიზღის, ახალი ღვარძლის ნთხევის მიზეზად. ეს დროშა, რომელიც დღეს არის საქართველოს სახელმწიფოს დროშა, ბევრ ჩვენსოქალაქეს ეხსომება, მანამდეც კი, სანამ გახდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშა, სახელწიფო დროშა, ეს იყო დროშა, რომელსაც მიხეილ სააკაშილი, როცა რაღაც აქციაზე გადიოდა ანდა რაღაც ღონისძიებას ატარებდა, მისი პირადი დროშა იყო, ასე ვთქვათ.  

შემდეგ ეს გახდა პარტიული დროშა, სახელმწიფო დროშა და ახლა თუ ვინმეს უნდა, დაადანაშაულოს პრეზიდნტი იმაში, რომ ის პატივს არ სცემს ამ დროშას, აქ ლოგიკა არანაირი არ არის.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის დღეს აღმართული სხვა დროშა - მე ამაზე ცოტა ხნის წინ გავავრცელე განმარტება - პრეზიდენტი ამთავრებს თავის საპრეზიდენტო ვადას, და მთელი დღე სასახლეში, გუმბათში მიმდინარეობდა ფანტასტიური მუსიკოსი ხატია ბუნიათიშვილის სპეციალური მუსიკალური კლიპის ჩაწერა და ამ გადაღების მიზნებისთვის გაკეთდა ეს გულებიანი დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა პარტიას და ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, გახდება ეს პარტიული დროშა თუ არ გახდება, რადგან იქაც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ეს არის დროშა, რომლითაც პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ რაღაცნაირად გამოხატოს ის დამოკიდებულება, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობის, ხვალინდელი დღის მიმართ. და არა მარტო დროშა, არამედ ის სიუჟეტი, ის კლიპი, რაც დღეს კეთდებოდა და ხვალ დილით დამთავრდება, ემსახურება ზუსტად იგივე მიზანს. აქ არანაირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფო სიმბოლოებისა, ცხადია, არ გვაქვს საუბარი. ამასთან, ეს სწორედ ის სიმბოლოებია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და მისი პირადი ინიციატივით არის შემოღებული. არ შეიძლება მას ცილი დავწამოთ იმაში, რომ ის უპატივცემულოდ ეპყრობა ამ სიმბოლოებს. აქაც საქმე გვაქვს იმასთან, რომ რეალური მიზეზების მოუკითხავად ისევ ატყდა ეს აჟიოტაჟი, სიძულვილის ფრქვევა და კიდევ ერთხელ მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ მათ უნდა სძულდეთ ყველა და ყველაფერი, თუკი ვინმეს რამე კარგი გაუკეთებია ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ბარნოვმა.

1andro-pol-3-qvem