პოლიტიკა
ვანო მაჭავარიანი: „სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“

1machavariani-pol-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ახლად არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში ვანო მაჭავარიანმა გადაცემა დიდ პოლიტიკაში" განაცხადა, რომ  სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მისივე თქმით, მიუხედავად რუსეთთან არსებული პრობლემებისა, ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე მსოფლიოს ბევრი ლიდერი აპირებს ჩასვლას.

„ჩვენი პრობლემა გაცილებით რთული და ღრმაა, მაგრამ  ეს პროცესი საუბრის დონეზეა. გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. აიწონ-დაიწონება ყველა ის ფაქტორი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან იქნება გამომდინარე. ის, რომ არავინ არაფერს ითვალისწინებს და მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ დაფიქსირდეს და ამით ვიღაცას ასიამოვნოს - ეს ძალიან გამარტივებული ვერსიაა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა შემოაგდონ. ძალიან კარგად იციან გიორგის ოპონენტებმა, რომ ეს ასე არ იქნება. ეროვნული ინტერესებიდან გამოვალთ და საზოგადოების აზრიც გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.