პოლიტიკა
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ თბილისის მერიისგან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებობს პრობლემები, რომლებიც სასწრაფო დარეგულირებას საჭიროებს

1organizacia-pol-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ახალ განცხადებას აქვეყნებს:

„ბოლო პერიოდში თბილისის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ქალაქში მომრავლებული სათამაშო აპარატები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიასა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში დგას, სადაც არასრულწლოვანთა მოჭარბებული რაოდენობა ფიქსირდება. სათამაშო აპარატები მოზარდებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა რბილი სათამაშოს მოგების საშუალებას აძლევს. ბოლო დროს სათამაშოებს სიგარეტები მიემატა, რომლებიც ბონუსად მოჰყვება მოგებულ სათამაშოს. მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთათვის თამბაქოს მიყიდვა კანონით იკრძალება. თუმცა, ამ ფორმით საკმაოდ მარტივია მოზარდთა ცდუნება და მწეველთა რიგებში ჩათრევა.

ჩვენ თბილისის მერიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია სათამაშო აპარატების დადგმაზე, ნებართვების გაცემისა და მისი რეგულაციების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტყვეთ, რომ თბილისის მერია მხოლოდ ნებართვებს გასცემს, კანონის დაცვა კი სათამაშო აპარატის მესაკუთრეს ევალება. აშკარაა, რომ სათამაშო აპარატების მფლობელები კანონს უხეშად არღვევენ და მოზარდების მწეველებად ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის რეგულირება უმოკლეს ვადებში საჭიროებს გამკაცრებას. აუცილებელია შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელდეს მონიტორინგი და ამ ფაქტების აღკვეთის მიზნით გატარდეს უმკაცრესი ზომები. აშკარაა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის ხარჯზე „ბიზნესს“ აკეთებს, კანონდარღვევას რომ თავი დავანებოთ, მოზარდებს უბიძგებს, ადრეული ასაკიდან გახდნენ თამბაქოზე დამოკიდებული.

მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, გამოიჩინონ სათანადო ყურადღება, გამოავლინონ კანონდამრღვევი კომპანიები და გაატარონ სადამსჯელო ღონისძიებები“.