სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

samart-3-sledსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19 საათზე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირანიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ. 
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

დაჭრილები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, "ჯეო–ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ორი მათგანი: მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირანიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.
გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).