აქტუალური
სოფელ ჭელაში მინარეთი აღადგინეს

Chelaსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი აღადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მინარეთის მონტაჟი სოფელში გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. მინარეთის აღმართვაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. პროცესს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

საქინფორმის მკითხველს შეახსენებთ, რომ მინარეთის დემონტაჟი აგვისტოს ბოლოს განხორციელდა, რისი ოფიციალური მიზეზი უკანონო მშენებლობა გახდა.

მინარეთის აღდგენის პარალელურად, სოფელში მინარეთის აღმართვას რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი აპროტესტებდა, რომლებიც  საქართველოში თურქული ექსპანსიის მოსალოდნელ გაძლიერებაზე ლაპარაკობდნენ.

ქართველ მუსლიმთა კავშირმა სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენასთან დაკავშირებით ახლახან  გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

„სოფელ ჭელაში თავის ადგილს დაუბრუნდა რამდენიმე თვის წინ "მოტაცებული" მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია“, - ნათქვამია განცხადებაში.