აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობდნენ და აშინებდნენ მოსახლეობას, დღეს კი ადამიანებს აღარ ეშინიათ საქართველოში ცხოვრების!“

1redisoni-Raribaსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება კიდევ ერთხელ მიულოცა.

საქინფორმი პრემიერის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ.

მოგესალმებით, ბატონებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს მივულოცო დიდი წინსვლა ევროპისკენ მიმავალ გზაზე - პარაფირებულია ასოცირების შეთანხმება. ეს  ისტორიული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს საქართველოში ახალი რეალობაა და  ამ საქმეში უზარმაზარი დამსახურება ევროკავშირსა და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მიუძღვით.

ალბათ, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი საჯარო შეხვედრაა ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ იგი მთავრობის სამომავლო გეგმებს ეხება სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ასევე სიმბოლურია და ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ვილნიუსში გაიმართა, სადაც უმნიშვნელოვანესი შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

მეგობრებო,

დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ახალი ხელისუფლებისთვის გაწეული დახმარება, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა აღმოგვიჩინეს ამ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოსთვის სრულიად უცხო და მძიმე - კოჰაბიტაციის ვითარებაში.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მის წარმომადგენლობას და განსაკუთრებით ბატონ თომას ჰამარბერგს; აგრეთვე გაეროსა და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული პროცესების გამყარების საქმეში.

ჩვენს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო. წინა ხელისუფლებამ თავის პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის მოდერნიზაცია, რომელმაც ბევრი რამ შეიწირა, მაგრამ ყველაზე მეტად - სწორედ ადამიანის უფლებები. მსოფლიო შეძრა პატიმრების წამების კადრებმა და ეს იყო დანაშაული, რომელიც თავად წინა ხელისუფლებამ სისტემურ ჩავარდნად აღიარა. განსაკუთრებული სისასტიკით ხდებოდა მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევა, მასობრივად ხდებოდა საკუთრების წართმევა, მიმდინარეობდა ადამიანების პირადი ცხოვრების ტოტალური კონტროლი, ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა ნაციონალურ მაუწყებლებს, არჩევნების დროს, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობდნენ და აშინებდნენ მოსახლეობას,  სასამართლო იღებდა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. ქვეყანაში იყო უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელთან გამკლავებაც დღესაც ყველაზე რთულ ამოცანად რჩება.

ეს არის მოკლედ ის მძიმე სურათი და ვითარება, რომელიც ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვხვდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ და ერთი ხელის მოსმით ამის გამოსწორება შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გაცილებით იმაზე მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო, ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსამართლე რეალურად დამოუკიდებელი  იყოს ნებისმიერი წნეხისგან. მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ,  არ არსებობს არც ერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის ხელისუფლების  რუპორია.  მთლიანად აღვკვეთეთ წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში, საკუთრება დაცულია, ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას და ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე თვის წინ, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით, საჯაროდ იქნა განადგურებული ათასობით საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საქართველოში ცხოვრების.

ჩვენი ხელისუფლება ძალას არ იშურებს, რათა დაამკვიდროს განცდა იმისა, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. სახელმწიფო პოლიტიკა გახდა სწორედ ადამიანზე ორიენტირებული, დაიწყო მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებში. დაბოლოს, ჩვენ ჩავატარეთ უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან.

ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი რთული და ნაყოფიერი წელი. ეს ნამდვილად იყო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გამყარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული წელი. და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწია ბატონმა თომას ჰამარბერგმა  - ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ბატონი ჰამარბერგი ევროკავშირმა მოავლინა მმართველი კოალიციის ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი თხოვნით. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში და ადგილზე ეცნობოდა ვითარებას. ბატონმა ჰამარბერგმა სექტემბერში გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც სრულფასოვნად აღწერა, თუ რა დინამიკით ვითარდებოდა საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა პრობლემები იყო, რა მდგომარეობაა ახლა და რა გზა გვრჩება გასავლელი იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტებს.

იმისათვის, რომ ეს გზა  წარმატებით გავიაროთ, ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვჭირდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ ეს ამოცანა რეალურად გადავჭრათ.

ჩვენი ამოცანაა ევროპული სახელმწიფოს აშენება, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიის მაღალი ხარისხის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას გულისხმობს. ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ არა მარტო იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობა ან უვიზო რეჟიმი გვიზიდავს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროპისთვის მთავარი ღირებულებაა - ადამიანი. აღარაფერს ვამბობ იმ  საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ოდითგანვე გვაკავშირებს ევროპასთან.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის რთული პროცესი, უნდა გავატაროთ რეფორმები და ამ რეფორმებმა შეუქცევადი უნდა გახადოს სასამართლოს დამოუკიდებლობა; მედიის თავისუფლება და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა; არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება; ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ სოციალურ პირობებში ცხოვრება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაამკვიდროს ხელისუფლების გამჭვირვალე მუშაობა და რეალური ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია დემოკრატიული ინსტიტუტების ძირეული მოდერნიზაცია და რეალურად გამჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა. ეს არ გულისხმობს  სახელმწიფო შენობების ფასადურ გამჭვირვალობას, სადაც უმძიმესი დანაშაულები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, ეს გულისხმობს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, განურჩევლად მისი რელიგიური, ეთნიკური,  სექსუალური  კუთვნილებისა.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ მიზნის მისაღწევად და რა ვადებში მოხდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება.

თავად ამ გეგმის შედგენის პროცესიც იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული - ჩვენ ამას ვაკეთებთ უცხოელ მეგობრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.

დარწმუნებული ვარ, როდესაც მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და ავაშენოთ რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბატონ თომას ჰამარბერგს, ყველა ჩვენს მეგობარს ამ დიდ საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ჩვენ თქვენი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან  სწორედ ეს ერთი წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და ევროპასთან დაახლოების მიმართულებით.

გმადლობთ  ყურადღებისათვის.

წარმატებულ მუშაობას გისურვებთ.